საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილებსა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. ზურაბიშვილის შეფასებით, შექმნილი ვითარება „ძალაუფლების დაშლის ბოლო ეპიზოდია“.
ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლებაში არსებული ვითარება შიდა უნდობლობასა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ააშკარავებს:
„ეს არის „აურზაური სალხინეთში“, ყველა ერთმანეთს რაღაცას აბრალებს. როგორც ჩანს, არავინ არაფერზე არ არის პასუხისმგებელი… ახლა რაღაცას ამბობს [ირაკლი ღარიბაშვილი], ბოლომდე ამბობს, თუ ეს ჩვეულებრივია, რაც ქართულ პოლიტიკაში მოსულა, რომ „გამაჩერეთ, თორემ ყველაფერს ვიტყვი“… და მერე ბოლოს არასდროს ამბობენ ყველაფერს. ვრჩებით რაღაც დაუმთავრებელ ისტორიაში, რომელიც მოითხოვს ახსნას, განმარტებას და არაფერი ხდება“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მმართველ გუნდში ურთიერთბრალდებები და კორუფციული სკანდალები სისტემური კრიზისის ნიშანია.
მეხუთე პრეზიდენტის შეფასებით, გუნდის წევრები ერთმანეთს ლანძღავენ და დანაშაულს აბრალებენ, რაც შიდა რღვევის პროცესზე მიუთითებს.
„პარანოიული რეჟიმი გახდა. ყველა ყველას ემდურის, არავის ნდობა არ გააჩნია, იცის, რომ დღეს თუ ხვალ რაღაც შეიძლება შეემთხვეს — შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს, დააბრალონ კორუფცია… ასეთი რეჟიმი არის დასასრულის ბოლო ეპიზოდში“, — აღნიშნა ზურაბიშვილმა.














