18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

სალომე ზურაბიშვილი: “ოცნება” დაშლისკენ მიდის, რეჟიმი უფრო მეტად აღიარებს კორუფციას, ვიდრე ოპოზიცია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დაშლისკენ მიდის, შიგნით კი დიდი აურზაური და უნდობლობა სუფევს. ამის შესახებ მან სპეციალურ ფეისბუქ-ლაივში ისაუბრა, სადაც მოქალაქეების კითხვებს უპასუხა.

ზურაბიშვილმა „ტრაგიკომედია“ უწოდა იმ ფაქტს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი (რაჟდენ კუპრაშვილი) ახლა კორუფციაში ბრალდებული მაღალჩინოსნის ადვოკატია და მას იცავს.

მიდის დაშლისკენ, ეს ნათელია. ჩვენ ვართ ასეთი ავტორიტარული რეჟიმების ბოლო ეტაპზე, კლასიკაა, როცა შიგნით უკვე დიდი აურზაური და უნდობლობაა, აღარავის არავისი სჯერა. თვითონ რეჟიმი უფრო მეტად აღიარებს კორუფციას თავის ყოფილ მაღალჩინოსნებზე, ვიდრე ოპოზიცია — მათ „ოცნებაში“ მეტი ფაქტები და მტკიცებულებები აქვთ.

სადღაც გადავედით ტრაგიკომედიაში, როცა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, ბატონი რაჟდენი გახდა ადვოკატი, რომელიც იცავს კორუმპირებულ მაღალჩინოსანს, რომელიც თავად უნდა გამოევლინა. თავის დროზე მას არავინ გამოუვლენია, გარდა იმისა, რომ ოპოზიციას დასდევდა ჩვეულებრივ შემოსავლებზე. რაც წავიდა, მას მერე მიება ახალი საქმეები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“, მის მინისტრებსა და პარლამენტარებს ეხება. იმდენი მილიონი დააგროვეს, რომ არ შეუძლიათ იქიდან რამდენიმე დაავადებული ბავშვებისთვის გამოყონ და ეს არის მათი ტრაგედია“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინფორმაციისთვის, სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული.

უწყების ინფორმაციით, ახობაძემ 250 000 ლარის ოდენობის ქრთამი მეწარმისგან პირდაპირ სუს-ში, საკუთარ სამუშაო კაბინეტში მიიღო.

აღსანიშნავია მნიშვნელოვანი დეტალი: პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში, სუს-ისგან განსხვავებით, უწყების მოქმედი შეფის, გრიგოლ ლილუაშვილის გვარი საერთოდ არ არის ნაჩვენები, მაშინ როდესაც თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღებულ ქრთამსა და საქმის დეტალებზე ინფორმირებული ლილუაშვილიც იყო.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კირცხალია გიორგი კანდელაკზე: ის არის თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე, თავისი ღალატის სტილისტიკა დაცული აქვს
შემდეგი სტატიაიტალიაში ორ ადამიანს, სავარაუდოდ, “ებოლას” ვირუსი გამოუვლინდა- ლომბარდიის რეგიონში გაფრთხილება გავრცელდა