სალომე ზურაბიშვილი – მოსახლეობა ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, რათა თავისი სათქმელი თქვას, საზოგადოებამ გაუგზავნა ბრიუსელს მკაფიო გზავნილი, რომ ჩვენ ევროპელები ვართ

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ორ დღეში ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ზურაბიშვილის თქმით, გაჩნდა შანსი და დღეს არის მთავარი კითხვა, შევძლებთ თუ არა ამ შანსის გამოყენებას. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მოსახლეობა ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, რათა თავისი სათქმელი თქვას.

„გვიყვარს სიტყვები – ისტორიული დღეები, ისტორიული გადაწყვეტილება, მაგრამ დღეს ნამდვილად ვდგავართ იმ გზაგასაყარზე, ორ დღეში იქნება მიღებული ამ ბოლო წლების მანძილზე ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ასოცირებაც იყო მნიშვნელოვანი და ბევრი სხვა, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ეს მოსალოდნელი არ იყო. გაჩნდა ეს შანსი ჩვენი ქვეყნისთვის და დღეს არის მთვარი კითხვა, შევძლებთ, გამოვიყენებთ ამ შანსს, თუ გავუშვებთ ხელიდან.

აღარ განვმეორდები, ვრცლად ვისაუბრე იმის შესახებ, რა მოხდა ამ ბოლო წლების განმავლობაში, ერთი წლის წინანდელი ტრიოს წინა, ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნიდან როგორ გადმოვინაცვლეთ ბოლო რიგში და ვერ მივიღეთ პირდაპირ კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია, რამეთუ ჯერ ჩვენ ვართ რეკომენდაციებში და ორ დღეში იქნება მინიჭების გადაწყვეტილება. დავანებოთ თავი ერთი წელი რა ხდებოდა, რამ განაპირობა ის გადაწყვეტილება, რაც ალბათ იქნება მიღებული ორ დღეში. აქ მნიშვნელოვანი არის, რა ხდება ახლა, რას ვაკეთებთ ბოლო დღეებში იმისთვის, რომ ჩვენი საკითხი წარმოვაჩინოთ ყველაზე პოზიტიურად და მივიღოთ წარმატებული შედეგები.

ერთი მხრივ, მოსახლეობა ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, რათა თავისი სათქმელი თქვას. და გამოვიდა საზოგადოება, გამოვიდა ძალიან დიდი რიცხვებით და ძალიან მკაფიო გზავნილი გაუგზავნა ბრიუსელს, რომ ჩვენ საზოგადოება, ყველა წლოვანების და ყველა პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანები, ყველანი ერთად დგანან და ყველანი ამბობენ – ჩვენ ვართ ევროპელები. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან თუ რამეს ანიჭებს მნიშვნელობას ევროკავშირი, ევროპა ზოგადად, ეს არის ადამიანების, საზოგადოების ნება და მისი თავისუფალი გამოხატულება. ის, რაც ჩვენ ვნახეთ ორშაბათს, ნამდვილად იყო თავისუფალი გამოხატულება ჩვენი საზოგადოების და იყო ის, რასაც გადავეჩვიეთ. ძალიან მნიშვნელოვანია და რასაც გვთხოვს ევროპა, იყო ერთიანობა, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – პარტნიორებისგან როცა ელოდები ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, სულ მცირე მოგეთხოვება, შენი ხალხის ხმა გაიგო და გაიგო რას ელოდებიან შენგან ის პარტნიორები, რომლებიც ზეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას
შემდეგი სტატიაივანიშვილის მეთაურობით, ყველა ეს სამარცხვინო, მავნებელი, მასხარა და ქვეყნის მოღალატე ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს – ბოკერია