სალომე ზურაბიშვილი : მჯერა, წარმატებით გავაგრძელებთ სვლას დასახული მიზნისკენ, ევროპისკენ

მჯერა, წარმატებით გავაგრძელებთ სვლას დასახული მიზნისკენ, ევროპისკენ, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ პარლამენტის საზეიმო სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 20 წლის წინ ჩვენს საზოგადოებაში ალბათ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ საქართველო ევროსაბჭოში გაწევრიანებით დგამდა ნაბიჯს, რომელიც მთლიანად განსაზღვრავდა ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

„ევროსაბჭოში გაწევრიანებით ჩვენ შევაღეთ პირველი, მთავარი კარი ევროპისკენ, რაც ნიშნავდა ცხოვრების დაწყებას არსებითად ახალი დღის წესრიგით. ამ უმნიშვნელოვანეს ევროპულ ინსტიტუტში გაწევრიანებით დაიწყო ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის შეუქცევადი პროცესი – ევროპისკენ სვლა. ევროპის საბჭოს წევრობა გახდა უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის – პოსტსაბჭოთა საზოგადოებისთვის, რომელსაც მოპოვებული დამოუკიდებლობა უნდა განემტკიცებინა დემოკრატიის შეუფერხებელი განვითარებით; იმ ღირებულებების დაცვით, რომელსაც ფეხქვეშ თელავდა საბჭოთა სისტემა. საბჭოთა სისტემა ფეხქვეშ თელავდა იმ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, რომლებზეც საუკუნეებია, ჩვენი იდენტობა იდგა და დგას. ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე ხელმოწერით ჩვენ დავადასტურეთ ამ ღირებულებების ერთგულება და ამით დავუბრუნდით ჩვენს ბუნებრივ გარემოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ძალიან ნიშანდობლივია, რომ ახლახან სტრასბურგში, ევროსაბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა.

„ისტორიული მისი სიტყვები – „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი“ – დღესაც აქტუალურია. იგი ჩვენი მთავარი ორიენტირი უნდა იყოს, რადგან ევროპული, თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფო, პირველ რიგში, თავისუფალ და კანონით დაცულ ადამიანებზე დგას. ევროპული სახელმწიფო დგას დემოკრატიულ კონსტიტუციაზე, კანონის უზენაესობაზე, სამართლის უზენაესობაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, თანასწორობაზე. ამ პრინციპების სრულად გაზიარება არის ერთადერთი სწორი გზა, ჩვენს მიერ არჩეული გზა. ახალ კონსტიტუციაში, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ მივიღეთ, ჩანს ჩვენი მიზანმიმართული სწრაფვა დემოკრატიის განვითარებისკენ. ამ კონსტიტუციაში, ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან ერთად, ჩვენ ჩავწერეთ მთელი რიგი ახალი უფლებები – სოციალური, ეკონომიკური და გარემოს დაცვითი უფლებები და ამით სამომავლო პროგრესის გზა დავსახეთ ამ უფლებების კონსტიტუციის დონეზე აყვანა გამოხატავს ჩვენი ხალხის ნებას, გადაიდგას ძლიერი ნაბიჯები დღეს მსოფლიოში არსებული გამოწვევების დასაძლევად. ისიც ვიცით, რომ ამ უფლებების კონსტიტუციაში ასახვიდან მათ პრაქტიკაში განხორციელებამდე დიდი გზაა და ჩვენგან სულ მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო. მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ კონსტიტუციაში გამოხატულია მთელი საზოგადოების დამოკიდებულება. ეს ხალხისა და ხელისუფლების ერთიანი პოზიციაა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ჩვენი ქვეყნისთვის უმთავრესი გამოწვევაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დარღვევის ფაქტები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს.

„ეს ეხება, უპირველეს ყოვლისა, სიცოცხლის უფლებას (და ამის უკანასკნელი მაგალითია ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება); ეს ეხება სახელმწიფო ენას და ვიტყოდი, ორივე სახელმწიფო ენას, გადაადგილების, აზრის გამოხატვის უფლებას; ეს ეხება რელიგიური ძეგლების დაცვას. ასეთ ფაქტებს სისტემატური ხასიათი აქვს. ახლა, აღდგომის დღეებში ჩვენი მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, რომ ისინი ვერ მიდიან ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის ანგარიში, რომელშიც ის ყურადღებას ამახვილებს ე.წ. „რუხ ზონებში“ მონიტორინგის აუცილებლობაზე.

ევროპელ პარტნიორებთან ერთად მზად ვართ, ახლავე დავიწყოთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით, ყველა დაცული ნორმების ფარგლებში. ასევე, საგანგაშოა ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ ადამიანების გატაცების სისტემატური შემთხვევები. ჩვენ გვჭირდება პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა, რათა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა იქნას აღკვეთილი. ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი ნდობისა და აღიარების გამოხატულებაა ის, რომ წლის ბოლოს საქართველო 6 თვით გადაიბარებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას. ეს მაღალი პასუხისმგებლობაა, და საქართველო მზად არის ამ პასუხისმგებლობის ასაღებად. მჯერა, რომ ამ სტატუსით ჩვენ წარმატებით გავაგრძელებთ სვლას დასახული მიზნისკენ – ჩვენ ევროპისკენ!“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტს მიაჩნია, რომ ორ მეგობარ ქვეყანას შორის საზღვარი უნდა იყოს დადგენილი
შემდეგი სტატიალაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას ხვალ ოფიციალურად დატოვებს