სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დიასპორის მიმართულებით სტრატეგია ჯერაც გასააქტიურებელია

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში დასრულებულია. სალომე ზურაბიშვილმა ვარშავა უკვე დატოვა. ვიზიტის დასასრულს პრეზიდენტი ქართული დიასპორას შეხვდა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ელჩს პოლონეთში ვიზიტისა და დიასპორასთან შეხვედრის ორგანიზებისთვის.

სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე დიასპორის საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სტრატეგია გასააქტიურებელია.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, რომ ელჩს მადლობა მოვახსენო ამ ვიზიტის ორგანიზებისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო. ჩვენ მივიღეთ პრინციპული თანხმობა შეთავაზებაზე, რომ გამოცხადდეს პოლონეთის წელი საქართველოში და ასევე, საქართველოს წელი პოლონეთში. ეს იქნება განხორციელება იმ ძალიან მჭიდრო კავშირის, რომელიც ვფიქრობ, ამ ვიზიტის შემდგომ კიდევ უფრო მჭიდრო გახდა.

რაც შეეხება დიასპორას, ეს არის ჩემთვის ერთ-ერთ პრიორიტეტი. იყო დრო, როდესაც მეც ვიყავი მათი ნაწილი და ეს არ მავიწყდება. ახლო მომავალში, 27 მაისს გვექნება შეხვედრა დიასპორასთან. ჩამოვლენ ზოგიერთი დიასპორის წარმომადგენლები, თუმცა ჯერ არ არის გააქტიურებული ნამდვილი სტრატეგია დიასპორების მიმართულებით. თავის დროზევე ვიყავი მომხრე, რომ დიასპორის სამინისტრო გაერთიანებული საგარეო უწყებაში. ვთვლიდი რომ იქ, სადაც არის მთელი ქსელი და ინსტრუმენტები, საკონსულოები და საელჩოები, რომლებიც უნდა ემსახურებოდნენ საგარეო პოლიტიკას და დიასპორებთან ურთიერთობას, მათი გაერთიანება იყო ლოგიკური. თუმცა, ამ ლოგიკას არ მოჰყვა ის გააქტიურება, რომელსაც ველოდებით და რომელიც აუცილებელია. თქვენი მონაწილეობაც მნიშვნელოვანია ახალი მოსაზრებებისა და ახალი მეთოდების თვალსაზრისით, რაშიც გამოყენებული იქნება ყველა დღევანდელი საშუალება და არა ძველ ფორმატებში ჩარჩენილი პოლიტიკა. ერთად მოვიფიქროთ, რა უნდა გაკეთდეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მყავს ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია სულავა, რომელიც ამავე დროს პასუხისმგებელია დიასპორის საკითხებზე. ყველას შეუძლია მასთან დაკავშირება. გვაქვს მოსაზრებები, ინიციატივები, რომლებსაც სჭირდება პრაქტიკაში გადატანა და თქვენი ინიციატივები და მოსაზრებები არის ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიძლიერი ქართული სახელმწიფო ნიშნავს ძლიერ ეკლესიას და ძლიერი ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს – პრემიერი
შემდეგი სტატიაქართველმა ჟურნალისტმა 9 მაისი გერმანელებს მიულოცა