სალომე ზურაბიშვილი მამუკა ბახტაძის გადადგომაზე – გადადგომას არ აფასებენ, ეს არის მისი გადაწყვეტილება

გადადგომას არ აფასებენ, ეს არის მისი გადაწყვეტილება, – ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ბახტაძის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, შიდაპოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები განცხადებებს საზღვარგარეთ არ აკეთებენ.

„გადადგომას არ აფასებენ, ეს არის მისი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ახალი პრემიერის დანიშვნას, უნდა დაველოდოთ და მე პირადად დაველოდები, ჩავალ თბილისში. საერთოდ მივიჩნევ, რომ შიდაპოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები არ აკეთებენ განცხადებებს საზღვარგარეთ. უნდა ჩავიდე, გავიგო, რა ვითარება არის, შემდეგ შეიძლება განცხადებებისა და შეფასებების გაკეთება. მე ჰიპოტეტურ გადაწყვეტილებებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, რაც არ უნდა შესაძლებელი იყოს არ შევაფასებ. არაკორექტული იქნება აქედან რომ შევაფასო პრემიერის ქმედებები და მისი მოღვაწეობა, რომელიც უნდა შეაფასოს ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ და პოლიტიკურმა პარტიებმა. ხვალ იქნება იმის დრო, რომ კომენტარები გაკეთდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომელი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს განცხადება გაავრცელა, რომ თანამდებობას ტოვებს. ცოტა ხნის წინ მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს: „ჩემთვის იყო დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუსიხსმგებლობა, მემსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს“.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ანთაძე – ჩორჩანაში სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მოშლის საკითხი არ განიხილება
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე – ყოველთვის მქონდა განცდა, რომ სახელმწიფოს განვითარებასა და ინსტიტუტების მშენებლობაში სტრატეგიული აქცენტები გვაკლდა