სალომე ზურაბიშვილი – კვიპროსის მხარდაჭერა ევროკავშირის ფორმატში ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველო აფასებს კვიპროსის მუდმივ მხარდაჭერას ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ვეროინტეგრაციის გზის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კვიპროსის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ეს არის ალბათ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ განსაცდელში ვიცოდეთ, რომელი ქვეყნები გვიჭერენ მხარს და ამ გზაზე გვიმყარებენ მხარს. საქართველო მხარს უჭერს კვიპროსის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც განსაზღვრულია საერთაშორისო სამართლით, ევროკავშირის და გაეროს უშიშროების საბჭოს მთავარი რეზოლუციებით, ეს არის ჩვენი მსოფლიოს საერთო სამართალი, რომელსაც ყველანი უნდა ვექვემდებარებოდეთ. მომავალ წელს სრულდება 30 წელი საქართველოსა და კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან და ალბათ, ეს არის კარგი მომენტი, რომლითაც უნდა ვისარგებლოთ, რომ ახალ საფეხურზე ავიყვანოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობი და ეს ურთიერთობები ახალი ფურცლით დავიწყოთ, რომელიც ბევრი მიმართულებით შეგვიძლია გავაძლიეროთ.

ჩვენ განვიხილეთ ჩვენი შეხვედრის დროს ის, რაც საქართველოსთვის ყველაზე მძიმე ხვედრია, ეს არის ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის და მინდა ხაზი გავუსვა იმას, რასაც თქვენთან პირადად და გაფართოებული შეხვედრის დროს გავუსვი, თუ რამდენად გაართულა, დაამძიმა პანდემიამ ის ჰუმანიტარული სურათი, რაც ისედაც ტრაგიკულია ჩვენ შემთხვევაში.

ამასთან გრძელდება ის, რაც არის ყველაზე მძიმე ჩვენთვის – რუსული პოლიტიკა, გრძელდება გატაცებები, გრძელდება ბორდერიზაცია, მილიტარიზაცია და ქართული ენის, კულტურის და ძეგლების წინააღმდეგ უწყვეტი ბრძოლა. ეს არის საკითხი, რომელიც ჩვენთვის პრაქტიკულად ყველა ღონისძების ცენტრშია, ჩვენ დამოკიდებული ვართ ჩვენს პარტნიორებზე, მათ ურთიერთობებზე, ევროკავშირის, ამერიკის და არამხოლოდ, ყველა ჩვენ მეგობარ პარტნიორებზე, იმისთვის რომ საქრთველოს ეს უმძიმესი პრობლემა უწყვეტლივ წარადგინონ საერთაშორისო ფორმატებში, ეს არის ჟენევის ფორმატი, მაგრამ არამხოლოდ, ეს შეიძლება იყოს ორმხრივი ფორმატები და ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ ჩვენი მეგობრების, როცა ისინი თუნდაც, ორმხრივ ფორმატში წარადგენენ ჩვენ ტკივილს და ჩვენ მოთხოვნებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისუბარი – როგორც ჩანს, ნინო ლომჯარიას „შუმოკი“ არ უნახავს, რამდენიმე პატიმრის შეძახილი თუ იყო, ცუდია, მაგრამ ზეწოლად ვერ ჩაითვლება
შემდეგი სტატიაფაქტობრივად, აცხადებენ, რომ ვიღაცის მკვლელობა აქვთ დაგეგმილი – ხაბეიშვილი კობახიძის განცხადებაზე