სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კულტურის ახალ მინისტრად „არარაობას დანიშნავენ“. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა Facebook-ლაივში ისაუბრა, სადაც მოქალაქეების კითხვებს პასუხობდა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ კულტურის სამინისტროში აღარ სჭირდება მკაცრი ხელი, რომელიც „წმენდას ჩაატარებს“:
„იქნება კიდევ ერთი არარაობა კულტურის მინისტრად, რომელიც გვაჩვენებს, რომ ჩვენი სახე ასეთი მინისტრია. რაც დრო გადის, კულტურის სამინისტროში უფრო და უფრო დაქვეითებული სურათი გვაქვს, რადგან ესეც რუსეთის ფორმაა — შეურაცხყოფა მიაყენოს ქვეყნის კულტურასა და იდენტობას.
კულტურის მინისტრისგან აღარ სჭირდებათ ის, რაც წმენდის ჩასატარებლად სჭირდებოდათ — მკაცრი ხელი შემოიყვანეს და მერე გაიყვანეს. ამიტომ, მე მგონია, რომ დასვამენ კიდევ ერთ არარაობას, რომლის მიზანიც იმის ჩვენებაა, თითქოს ჩვენ ვართ არარაობა და ჩვენი კულტურა“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კულტურის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. შესაბამისი განცხადება თინათინ რუხაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მან გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და აღნიშნა, რომ საგანგებო მკურნალობის კურსის გავლა ესაჭიროება, რის გამოც მინისტრის მოვალეობას ჯეროვნად ვეღარ შეასრულებს.
ამავე თემაზე ისაუბრა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემაც. მისი შეფასებით, თინათინ რუხაძის მიერ თანამდებობის დატოვება ხელისუფლებაში არსებულ სისტემურ კორუფციაზე მიუთითებს. სიორიძის თქმით, კორუფცია ხელისუფლების ყველა დონეზეა გავრცელებული და ამ პრობლემას ცალკეული მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობაში მიცემა ვერ მოაგვარებს.















