ის მუშაობა, რაც ჩვენს პარტნიორებთან ჩატარდა, ჩემი და სხვების, ეს არ არის ერთი ადამიანის გაკეთებული, ეს არის ერთობლივი მუშაობა, თუნდაც ზოგჯერ სხვადასხვა პარტიის, სხვადასხვა ადამიანის, პიროვნებისვე, კულტურის სფეროსი, ყველამ ერთად იმუშავა , – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველამ მიაღწია იმას, რომ “არჩევნებიდან 7 თვის მერე ეს არალეგიტიმური მთავრობა არაა აღიარებული”.
“მეორე შედეგია სანქციები, რომლებიც პირდაპირ ეხება იმ ადამიანებს, რომლის პასუხისმგებლობაა ის სასტიკი ძალადობა, რაც ჩვენ ვნახეთ ამ ქვეყანაში. სანქცირებულნი არიან ისინი, რომლებიც რუსეთს ხელს უწყობენ ამ ქვეყანაში და რუსეთს ეთანამშრომლებიან. ეს არის ამ სანქციების მხოლოდ დაწყებული ტალღა, რომელიც გაგრძელდება და რომელიც ეხება პასუხისმგებელ პირებს და არა ქართველ ხალხს. ეს განსხვავება საქართველოსა და იმ ე.წ. ხელისუფლებას შორის, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგად შეიგნეს ჩვენმა პარტნიორებმა, რომ ერთი მხრივ, დგას ის საქართველო, მთლიანი საზოგადოებას, რომელსაც უნდა საკუთარი მომავალი ევროპაში, თავისუფლებაში და დამოუკიდებლობაში და მეორე მხრივ, დგანან ადამიანები, რომელნიც არაფერს და არავის არ წარმოადგენენ გარდა საკუთარი და ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებისა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა ასევე ქართულ პოლიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისურვებდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ქართული პოლიცია თავის მოვალეობას შეასრულებს მოქალაქეების დასაცავად.
„არ შეიძლება არ მივმართო და არ მივულოცო დღევანდელი დღე ქართულ ჯარს. მე დარწმუნებული ვარ, დღევანდელ დღეს მას სტკივა დღევანდელი საქართველოს ბედი, სტკივა სახელმწიფოებრიობის გაქრობა. ყველაფერი ის, რისთვისაც არის მომზადებული, რისთვისაც იბრძოდა და ხვალაც იბრძოლებს, დღეს არის ჩაშლილი და დაშლილი. ამიტომ სტკივა ჩვენს ქართულ ჯარს და მინდა მათ მივულოცო დღევანდელი დღე და ვუთხრა, რომ ისინი ჩვენთან ერთად არიან დღეს, ჩვენს გულში არიან, ჩვენს სულში არიან და ჩვენ ვართ ერთად.
გაგიკვირდებათ და მე მინდა ასევე დღევანდელი დღე მივულოცო ქართულ პოლიციას, რამეთუ მე დარწმუნებული ვარ, ესენი არ არიან კოლექტიური დგებუაძეები, მათ შორის არიან ადამიანები, ვისაც ასევე გული სტკივა ქვეყნისთვის, საქართველოსთვის და იმისთვის, რომ ვერ/არ ასრულებენ იმ მთავარ მოვალეობას, რასაც ჰქვია მოქალაქეების დაცვა. მე მინდა ვისურვო, იმ საქართველოში ვიცხოვროთ ყველამ ერთად, სადაც ქართული ჯარი თავის ადგილზე იქნება და თავის მოვალეობას შეასრულებს ქვეყნის ტერიტორიის დასაცავად და სადაც ქართული პოლიცია თავის მოვალეობას შეასრულებს მოქალაქეების დასაცავად და სადაც ქართველი მოსამართლეები თავის როლს შეასრულებენ იმისთვის, რომ ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში. ეს დღე მოვა. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს დამოუკიდებლობას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.