სალომე ზურაბიშვილი – ჯერ არ ვაფასებ კადიროვის მუქარას

ჯერ არ ვაფასებ კადიროვის მუქარას, ველოდები გამოძიების დასრულებას, – განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრეზიდენტი გამოეხმაურა ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ „უმჯობესია, გიორგი გაბუნია დადგეს მუხლებზე და პატიება ითხოვოს, ბოდიში მოიხადოს მომხდარის გამო“.

„კადიროვის განცხადებებზე ნამდვილად არ გავაკეთებ კომენტარებს. მე გავაკეთე განცხადება, რომ პირველ რიგში, მადლიერი ვარ იმის, რაც გაკეთდა, რადგან ადამიანისა და ჟურნალისტის უსაფრთხოება იყო დაცული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ყველასთვის და იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა. დანარჩენი არის გამოძიების საქმე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი იქნება სათანადოდ გამოძიებული“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ამასთან, კითხვაზე, ვისგან მოდიოდა ეს ყველაფერი, პრეზიდენტმა განაცხადა: „ეს მე რომ ვიცოდე, ძალიან კარგი იქნებოდა“. ხოლო ჟურნალისტების კიდევ ერთ კითხვაზე,​ „რუსეთი არაფერ შუაშია?“, პრეზიდენტმა აღნიშნა: „ცოტა პასუხისმგებლობით ვისაუბროთ. მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი. არ მაქვს არანაირი უფლება, რომ დავადანაშაულო რომელიმე სხვა ქვეყანა, ვიდრე არ გვეცოდინება, გამოძიების დასკვნით რა მოხდა და როგორ მოხდა. აქ რომ არის ძალიან ბევრი საეჭვო კითხვა, ამაში ყველა ვთანხმდებით. არ მაქვს უფლება და ვერ გამომიტყუებთ ამაში, რომ ვინმეს დავადო თითი.

მე ვამბობ იმას, რომ არ მაქვს უფლება, პასუხისმგებლობა მივანიჭო ვინმეს, ვიდრე არ იქნება დამთავრებული გამოძიება. რაშიც უნდა იყოს ჩართული ყველა და თუ საჭირო არის, ასევე გამომძიებლები უცხოეთიდან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მალე დასრულდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, კითხვაზე, ნიშნავს თუ არა რამეს მისთვის კადიროვის განცხადება, პრეზიდენტმა განაცხადა: „შეიძლება ნიშნავდეს, მაგრამ მე კომენტარს კადიროვის განცხადებაზე არ გავაკეთებ. თქვენ ხართ ჟურნალისტები და გაქვთ ყველა უფლება, რომ გამოიძიოთ გარდა იმ ოფიციალური გამოძიება, თქვენ გაქვთ ამისი უფლება. მე არ გამაჩნია ეს უფლება. მე ვფიქრობ, შეიძლება რაღაცას, მაგრამ მე ამის თქმის უფლება არ გამაჩნია“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაში“საკონსტიტუციო სასამართლოს შეურაცხყოფა არის კონსტიტუციის, იგივე პრეზიდენტის შეურაცხყოფა და არა ვიღაც ადამიანების”
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძე-კადიროვის განცხადებას მუქარასაც ვერ დავარქმევ