სალომე ზურაბიშვილი გიორგი ხარჩილავას გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, “ნაციონალური მოძრაობის” სახელით გამარჯვებულ გიორგი ხარჩილავას გამარჯვებას ულოცავს.

ბატონო გიორგი,

გილოცავთ წალენჯიხის მერად არჩევას და თვითმმართველობის ახალი სამუშაო ეტაპის დაწყებას! გისურვებთ წარმატებას საპასუხისმგებლო საქმიანობაში, რაც საზოგადოებასთან, ამომრჩევლებთან, მოქალაქეებთან თანამშრობლობის გარეშე ვერ მიიღწევა.

დღეს საქართველოში მუნიციპალიტეტების კეთილდღეობისა და მრავალდონიანი მმართველობის განვითარებისთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად, არსებითად მნიშვნელოვანია თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა, განსაკუთრებით კი ისეთი საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, როგორებიცაა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება და ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ.

თვითმმართველობის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონის ცხოვრებაში მონაწილე ყველა მხარის კოორდინაციასა და პარტნიორობას, ადგილობრივი და საერთაშორისო პროგრამებით დაფინანსების მექანიზმების გაძლიერებას. ამ მხრივ მნიშვნელოვან ყურადღებას იმსახურებს “სამოქალაქო (მონაწილეობით) ბიუჯეტი”, ასევე ჩართულობის სხვა პროგრამები, რომლებიც ჩვენი უცხოელი პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ინერგება და სულ უფრო პოპულარული ხდება ქვეყანაში.

საყურადღებოა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ფინანსური უზრუნველყოფის საფუძველზე, ქვეყნის მასშტაბით მერებისა და საკრებულოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და აქტიური მოქალაქეების ერთობლივი მხარდაჭერით, რიგი მუნიციპალიტეტები უკვე წარმატებით ახორციელებენ მოქალაქეთა ჩართულობის დემოკრატიულ პროგრამებს, რაც შეიძლება სამაგალითო გახდეს სხვა მუნიციპალიტეტებისთვის მომდევნო წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შემუშავების პროცესში.

ჩემთვის, როგორ საქართველოს პრეზიდენტისთვის, რეგიონების განვითარება ერთ-ერთი, მთავარი პრიორიტეტია და მნიშვნელოვან ყურადღებას დავუთმობ ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეების ჩართულობას, მათ მიერ განხორციელებულ და წამოწყებულ ინიციატივებს. იმედი მაქვს, თქვენი მუნიციპალიტეტი განაორციელებს ჩართულობის ისეთ პროგრამებს, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ და ჩამოაყალიბონ თანამედროვე მოქალაქე, როგორც პარტნიორი მმართველი.

დაგეგმილი მაქვს, მომავალი წლის განმავლობაში განვახორციელო შეხვედრები მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, წალენჯიხაში და ადგილზე მოვუსმინო ჩვენს მოსახლეობას, თუ რა სჭირდებათ და როგორი აქტივობებით არიან ჩართული თვითმმართველობის განითარების პროცესში. ყოველი წლის ბოლოს კი, პრეზიდენტის ეგიდით და ინიციატივით შეჯამდება რეგიონებში ჩართულობის აქტივობები და შედეგები მოსახლეობას სამოქალაქო ჩართულობის საპრეზიდენტო ფორუმით ეცნობება.

თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებისა და რეგიონების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მზად ვარ, გვერდში დავუდგე თქვენს მუნიციპალიტეტს, საერთასორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, აქტიურ მოქალაქეებს, რომლებიც მზად იქნებიან ხელი შეუწყონ, დანერგონ და განავითარონ მოსახლეობის ჩართულობის ადგილობრივი პროგრამები.

იმედი მაქვს, ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ წარმატებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე!

პატივისცემით,” – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

წინა სტატიაშიელენე გიორგაძე – მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით კრიტიკული რეჟიმი გავლილია, ახლა არის ჩვეულებრივი კვების გაფართოების რეჟიმი
შემდეგი სტატიაბაგები-წყნეთის გზაზე მეწყრული ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს