25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

სალომე ზურაბიშვილი: ღარიბაშვილი რაღაცას ცდილობს, მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Facebook Live-ში მოქალაქეების კითხვებს უპასუხა და დაკავებული ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებული წერილები შეაფასა.

ზურაბიშვილის თქმით, გაუგებარია, ვის ებრძვის ირაკლი ღარიბაშვილი — ბიძინა ივანიშვილს თუ კვლავ მის მიმართ ინარჩუნებს ლოიალობას.

„კორუფცია ხან აღიარა, ხან არ აღიარა, მე ვეღარ გავიგე ზუსტად რა ხდება ამ მიმართულებით. გადავედი ბრძოლაზეო, მაგრამ ვის ებრძვის, ესეც გაუგებარია. ებრძვის ბიძინა ივანიშვილს თუ ჯერ კიდევ ლოიალობას უცხადებს მას? ვინ არის სხვა, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს და ვისაც აქვს პასუხისმგებლობა თუნდაც მის დატყვევებაზე, თუ არა ივანიშვილი, აბა ვინ? სხვები ვინ არიან? მე ვეღარ ვხედავ, არ ვიცი, ზარქუა თუ არის დღეს ამ ქვეყნის მმართველი… ამიტომ მისი პოზიცია გაუგებარია — რაღაცას ცდილობს, მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავს“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეხუთე პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან სასამართლო სისტემის კრიტიკაზე და აღნიშნა, რომ ექს-პრემიერი ამ პრობლემებს მანამდე უგულებელყოფდა, სანამ ის პირადად მას არ შეეხო.

„რა ვთქვა, კარგი დროა ახლა რომ ამხილა სასამართლო. сколько ხანია, არა მხოლოდ ჩვენ აქ, არამედ ჩვენი პარტნიორებიც საუბრობენ ამაზე. რამდენჯერ მოისმინა თვითონ ბატონმა ღარიბაშვილმა ევროპელი პარტნიორებისგან შენიშვნები ჩვენს სასამართლოზე და მაშინ ამართლებდა ამ ყველაფერს, დღეს კი თურმე ამხილა, იმიტომ რომ მას შეეხო. სანამ ადამიანებს რაღაც უშუალოდ არ ეხებათ, მანამდე ან თვალს ხუჭავენ, ან ითმენენ, ან სხვაგან იყურებიან — ასეთი იყო ღარიბაშვილის პოზიციაც“, — აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს არ დაესწრო და მოგვიანებით გავრცელებულ წერილში აღნიშნა, რომ „სპექტაკლში მონაწილეობას არ აპირებს“ და მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს პოლიტიკური უწოდა. ექს-პრემიერის მტკიცებით, მოწმეებმა მის წინააღმდეგ ჩვენებები ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის შედეგად მისცეს.

banner
წინა სტატიაშიპროკურორი: დაცვის წევრმა დაადასტურა, რომ ანდრია ლილუაშვილი სუს-ის შენობაში ე.წ. VIP-ზონიდან შედიოდა
შემდეგი სტატია69 წლის კაცს მაისურზე დატანილი წარწერის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა