საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგანმანათლებლო სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ყველაფერი უნივერსიტეტების, სტუდენტებისა და პროფესორების გასაკონტროლებლად კეთდება.
ყოფილმა პრეზიდენტმა თემის კომენტირებბისას ასევე, აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” განათლებას ანგრევს და ქვეყანას წარსულში აბრუნებს.
“ეს არ არის განათლების რეფორმა, ეს არის განათლების დანგრევა, ეს არის იმ ძველ სისტემასთან დაბრუნება, რომელიც არც განათლებას უზრუნველყოფს და არც თავისუფალ აზროვნებას. პირდაპირ წყვეტს ჩვენს კავშირებს ევროპულ, თავისუფალ განმანათლებელ სივრცესთან, რაც ასევე ძალიან პრობლემურია, რადგან ჩვენ ძალიან კარგად ვისარგებლეთ Erasmus+ – ით და უამრავი ჩვენი სტუდენტი ამ გზით წავიდა და მიიღო დამატებითი განათლება ევროპაში, სხვადასხვა უნივერსიტეტებში.
ამიტომ, ყველა ამ კუთხით, ეს არის გაუგებარი და ერთადერთი ამის გამართლება იმ ხალხის თვალში, რომელიც ამას აწყობს, არის ის, რომ მეტი კონტროლი დააწესონ უნივერსიტეტზე, სტუდენტებზე, მეტი კონტროლი პროფესორებზე” – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა
პარლამენტთან მიმდინარე აქციას “დაიცავი განათლება” სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა. აქტივისტებმა საკანონმდებლო ორგანოსთან საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები გაშალეს.
















