სალომე ზურაბიშვილი – გაყინული კონფლიქტების, ღია ომის, ოკუპირებული ტერიტორიების, დესტაბილიზაციის მუქარისა და მცდელობების მიუხედავად, საქართველომ გაიკვალა გზა ევროკავშირისა და ნატო-სკენ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

სიტყვის დასაწყისში ზურაბიშვილმა ჰენდრიკ დამს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და მას წარმატებები უსურვა.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველომ პირველად გადაიბარა მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტობა, რაც დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს კარგი შესაძლებლობაა.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

„ჩემთვის პატივია დღეს თქვენ წინაშე გამოსვლა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან საქართველომ პირველად გადაიბარა მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტობა. ეს დიდი პასუხისმგებლობა და, ამავე დროს, კარგი შესაძლებლობაა. გუშინ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბატონმა დავით ზალკალიანმა წარმოგიდგინათ ჩვენი პრიორიტეტები: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით. ეს პრიორიტეტები შეირჩა ჩვენი საზოგადოებების წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრის გზებზე საფუძვლიანი დისკუსიის დაწყების მიზნით. იმედი მაქვს, შემდეგი 6 თვე გამოყენებული იქნება ჩვენი ერთობლივი მსჯელობისა და შემდეგი ნაბიჯების განსასაზღვრად“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განმარტებით, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა არის ის სამი პრინციპი, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას.

„სამოცდაათი წლის წინ, მეორე მსოფლიო ომის შემდგომმა ევროპამ მთლიანად გაიაზრა მშვიდობის ფასი, ნგრევისა და სასოწარკვეთილებიდან გამოსასვლელად შექმნა ევროპის საბჭო, რათა „მიღწეულ იქნას წევრებს შორის მეტი ერთიანობა საერთო მემკვიდრეობის, იდეალების, პრინციპების შენარჩუნებისა და განხორციელებისთვის, ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობისთვის“.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიღებით შეიქმნა ორგანიზაციის საფუძველი და წესები მისი წევრი ქვეყნებისთვის. დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა გახდა ის სამი პრინციპი, რომლებითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ და რომლებიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დაიცვას.

მჯერა, რომ ევროპის საბჭოს თითოეული წევრი უნდა ემორჩილებოდეს ამ ორგანიზაციის ღირებულებებსა და პრინციპებს. ჩვენ ინდივიდუალურად და კოლექტიურად დავეთანხმეთ საერთო სტანდარტებს, წესებს და, შესაბამისად, თანაბრად ვართ პასუხისმგებელი მათ შესრულებაზე, – იქნება ეს პატარა თუ დიდი ქვეყანა, ძველი თუ ახალი დემოკრატია, განვითარებული თუ განვითარების პროცესში მყოფი ეკონომიკა. იმისათვის, რათა ორგანიზაცია იყოს სანდო და ეფექტიანი, თანაბარი მიდგომები, ობიექტური შეფასებები და გადაწყვეტილებათა სამართლიანი განხორციელება უნდა იყოს სავალდებულო პირობა“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, გამოწვევები, რომლებიც გლობალური ხასიათისაა და საყოველთაო შინაარსის მატარებელია, ერთობლივ გადაწყვეტას მოითხოვს.

„პროგრესსა და განვითარებას მოჰყვება ახალი საკითხები და გამოწვევები, რომლებთან გამკლავებასაც ინდივიდუალურად ვცდილობთ. სინამდვილეში, გამოწვევები, რომლებიც გლობალური ხასიათისაა და საყოველთაო შინაარსის მატარებელია, ერთობლივ გადაწყვეტას მოითხოვს. ევროპის საბჭო ის ადგილია, სადაც ჩვენ ვიკრიბებით, ერთმანეთს გამოცდილებას, ცოდნას ვუზიარებთ და თანამშრომლობითა და მხარდაჭერით ერთობლივ გამოსავალს ვპოულობთ.

ევროპის საბჭო თანამედროვე საკითხებზე მუშაობს, აწესებს ახალ პრინციპებს, შეიმუშავებს კონვენციებს, რომლებიც შემდეგ ეროვნულ კანონმდებლობაში აისახება. ყველაზე რთული ნაბიჯი კი მათი განხორციელებაა. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველომ ისტორიულად დიდი გზა გაიარა.

„შარშან საქართველომ ევროპის საბჭოში თავისი წევრობის 20 წლისთავი აღნიშნა. 11 წლით ადრე კი მან დამოუკიდებლობა აღიდგინა. დღეს რთული წარმოსადგენია, სად ვიყავით და როგორ სწრაფად მოხდა ეს რევოლუცია. დიდი გზა გავიარეთ.

ევროპის საბჭოში გაწევრიანება ჩვენი საზოგადოების ტრანსფორმაციის, ადამიანების გათავისუფლების, პოლიტიკური სისტემის დემოკრატიზაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნის დასაწყისი იყო. გზა, რომელიც პასუხობდა ჩვენი საზოგადოების თავისუფალ ნებას; არჩევანი, რომელიც არ შეცვლილა და დღემდე რჩება ჩვენი შთაგონების წყაროდ, უფრო და უფრო გვაახლოებს ევროპაში ინტეგრაციასთან“ ,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ჩამოყალიბდა სახელმწიფოდ, რომელსაც ძლიერი ინსტიტუტები, თავისუფალი ეკონომიკა, მდგრადი ეკონომიკური ზრდა აქვს, ავითარებს სოციალურ და ჯანდაცვის სისტემებს.

„ისტორიისთვის ამ მოკლე დროში საქართველომ პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ძლიერ და აქტიურ დემოკრატიად გადაქცევა მოახერხა. ის ჩამოყალიბდა სახელმწიფოდ, რომელსაც ძლიერი ინსტიტუტები, თავისუფალი ეკონომიკა, მდგრადი ეკონომიკური ზრდა აქვს და ავითარებს სოციალურ და ჯანდაცვის სისტემებს. მთლიანობაში, ჩვენი ქვეყანა სტაბილური გარემოს მქონეა. მიუხედავად ყველაფრისა – გაყინული კონფლიქტებისა და ღია ომის, ოკუპირებული ტერიტორიების, დესტაბილიზაციის მუქარისა და მცდელობების მიუხედავად – საქართველომ გაიკვალა გზა ევროკავშირისა და ნატო-სკენ. ჩვენ შევძელით წევრობისთვის საჭირო რეფორმების გატარება, მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრი ცვლილებები მოსახლეობისთვის ხშირად მტკივნეული იყო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველო ძალისხმევით მოძრაობს ერთადერთი მიმართულებით, რომელსაც მხარს უჭერს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა.

„ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, უვიზო რეჟიმი ჩვენს მიღწევებზე მიუთითებს და ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველო სანდო პარტნიორია. ჩვენ ვიცით, რომ გზის დასასრულამდე არ მიგვიღწევია. იმისათვის, რომ რეფორმების ბოლო ტალღა განვახორციელოთ, საჭირო იქნება მეტი პოლიტიკური ნება. ბოლო მონაკვეთი ყველაზე რთულია, მაგრამ, ამავე დროს, დიდი ჯილდოც მოაქვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა დაახლოებით 50 წუთი გაგრძელდა.

banner
წინა სტატიაში“პოლიციელის ფორმის გახდა” ნიშნავს სახელმწიფოს ხელყოფას – გიორგი დვალიშვილი შს მინისტრს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილმა რუსეთის წარმომადგენელს მიმართა – ვლადიმერ პუტინის პოლიტიკისგან განსხვავებით, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს