სალომე ზურაბიშვილი: გადაწყვეტილება მივიღე ჩემით

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით კონკრეტული პატიმრების შეწყალების გადაწყვეტილება თავად მიიღო. სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ მას აქვს ამის უფლება.

“მივიღე გადაწყვეტილება ჩემით. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეწყალება, ეს არ არის ახალი სასამართლო, რომელიც ექვემდებარება რაღაც ობიექტურ კრიტერიუმებს. ეს არის შეფასება ერთი ადამიანის მიერ, რომელიც არის პრეზიდენტი და რომელსაც აქვს ეს უფლება, რომ შეაფასოს გარემოებები და არა გამართოს ახალი სასამართლო. ეს არის ცოტა, მე მგონი, რაღაცა ცნებების არევა და შეწყალება, კიდევ ერთხელ ვიტყვი ძალიან ხაზგასმით, ეს არ არის ვინმეს გამართლება. საერთოდ, შეწყალება ეხება არა ანგელოზებს, არამედ დანაშაულ პირებს. ეს არის სიტუაცია, რაშიდაც ვიმყოფებით”, – თქვა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ახსენა თავისი ინიციატივა შეწყალების პროცესის დახვეწის შესახებ.

“ინიციატივით გამოვედი, რომ დაიწყოს წესების სხვანაირად ჩამოყალიბება და დახვეწა. ეს სამუშაო დაწყებული არის, მიმდინარეობს. მეორეს მხრივ, რადგან იყო რაღაც ცილისმწამებლური წამოძახილები, პროკურატურა ამ კუთხითაც მუშაობს, დაველოდოთ მათ დასკვნებს”, – აღნიშნა მან.

პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლების გამოყენების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ცნობილი გახდა, რომ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ 34 მსჯავრდებულს შორის არის პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე, 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. ასევე, მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა.

საქმეზე პროკურატურამ გამოძიებაც დაიწყო და გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ნაწილი.

banner
წინა სტატიაში“დიდება გმირებს”! – ტალახაძემ გამარჯვება სოხუმის გმირებს მიუძღვნა
შემდეგი სტატიაშეხვედრა ქართულმა მხარემ ითხოვა – სერგეი ლავროვი