სალომე ზურაბიშვილი – დიასპორის წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ თავიანთი უფლებები, არჩევნებში მონაწილეობა თუნდაც არალეგალებისთვის საფრთხის მქონე არ არის, მე ვიქნები თქვენი საარჩევნო უფლებების დამცველი

მივმართავ დიასპორაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს,უნდა იცოდეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა თუნდაც არალეგალებისთვის საფრთხის მქონე არ არის,რასაც ჩვენი პარტნიორები სიტყვიერად, თუ პრაქტიკით ადასტურებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის თავად იქნება დიასპორის წარმომადგენლების უფლებების დამცველი.

„მივმართავ დიასპორაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც არანაკლებ ევალებათ ქვეყნის მომავლის შექმნაში მონაწილეობა: თქვენ უნდა იცოდეთ თქვენი უფლებები, დროულად გაიაროთ საკონსულო რეგისტრაცია, რათა უმოკლეს ვადებში შეძლოთ ახალი საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნა, რაც კანონით გეკუთვნით. სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, მოითხოვოთ არჩევნების დღეების გაზრდა. უნდა იცოდეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა თუნდაც არალეგალებისთვის საფრთხის მქონე არ არის, რასაც ჩვენი პარტნიორები სიტყვიერად, თუ პრაქტიკით ადასტურებენ. მე პირადად ვიქნები თქვენი საარჩევნო უფლებების დამცველი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებში სწორედ ახალგაზრდების არნახულმა აქტიურობამ გადაწყვიტა არჩევნების შედეგები და შეცვალა მომავალი.

„ეს თქვენი ქვეყანაა, ბრწყინვალე წარსულით და არანაკლებ ბრწყინვალე მომავლით, არავის დაუტოვოთ, გაიხსენეთ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებში სწორედ ახალგაზრდების არნახულმა აქტიურობამ გადაწყვიტა ამ არჩევნების შედეგები და შეცვალა მომავალი. ეს თქვენც შეგიძლიათ. დაბოლოს, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ვირჩევთ რომელიმე პარტიას მეორის ნაცვლად, ამა თუ იმ პროგრამას, ამა თუ იმ ლიდერს, ან კიდევ არცერთი მოგვწონს და ამიტომ თავს ვიკავებთ. დღეს ჩვენი ისტორიის გადამწყვეტ ეტაპზე ვდგავართ, სადაც არჩევნებით უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი მომავალი, მივცეთ ხმა ახალი მმართველობის მოდელს, ახალ ეკონომიკას, ესე იგი, ახალ, ევროპულ სახელმწიფოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე ზურაბიშვილზე: ის აპირებს შექმნას ფსევდო-შუაშისტური პოლიტიკური ძალა
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი: ვიღაცას შეიძლება აწყობდეს რომელიმე პოლიტიკური ძალის, პოზიციის, თუ ოპოზიციის ლიდერად წარმომაჩინოს. ამაოდ! ეს გზა გავლილი მაქვს