საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა შეაფასა და მმართველ გუნდს დემოკრატიისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების „დასამარებაში“ დასდო ბრალი.
ზურაბიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ქმედება ქვეყანას უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს და საერთაშორისო ასპარეზზე მის იმიჯს აზიანებს.
„დღეს არის სამარცხვინო დღე საქართველოსთვის, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. დღეს არის ის დღე, როცა „ქართული ოცნება“ ცდილობს… საბოლოოდ დაასამაროს დემოკრატია, სახელმწიფო და ჩვენი სურათი მსოფლიოში. ასეთი სამარცხვინო რამ თანამედროვე პერიოდში არცერთ ქვეყანას არ ჩაუდენია“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.
მეხუთე პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და ის ოპოზიციის მიმართ სოლიდარობის ნაკლებობასა და მმართველ გუნდთან „კეკლუცობაში“ დაადანაშაულა. ზურაბიშვილის თქმით, შექმნილ სიტუაციაში ქვეყნის ინტერესების დასაცავად საზოგადოება და პოლიტიკური ძალები ერთად უნდა დადგნენ.














