სალომე ზურაბიშვილი – ჩვენდაუნებურად, საქართველო ემიგრაციის ქვეყნად იქცა

წელს 100 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც 1921 წლის ოკუპაციამ პირველ პოლიტიკურ ემიგრაციას ქვეყანა დაატოვებინა. მეც, ისე როგორც ბევრი თანამემამულე, რომელიც დღეს ჩვენ გვისმენს, ემიგრაციაში დავიბადე, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის ფორუმის „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ მონაწილეებს სიტყვით გამოსვლისას და სახელმწიფოს განვითარების საქმეში ქართული დიასპორის ჩაბმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„პოლიტიკური ემიგრაციისთვის, ემიგრაცია დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელების ფორმა იყო. ეს ბრძოლა დასრულდა 30 წლის წინ, დამოუკიდებლობის აღდგენით და დღეს, სიმბოლურად, გენერალ კვინიტაძის სამშობლოში დაბრუნებით.

დამოუკიდებლობის დღიდან წარმოიშვა მძლავრი ემიგრაცია და ჩვენდაუნებურად, საქართველო ემიგრაციის ქვეყნად იქცა. დღემდე ჩვენ ბოლომდე გააზრებული არა გვაქვს, თუ რას ნიშნავს, რა პასუხისმგებლობას და რა პოტენციალს, რომ ჩვენი მოსახლეობის ერთი მეოთხედი, მილიონ–ნახევარი ადამიანი, საზღვრების მიღმა სწავლობს, ცხოვრობს, მოღვაწეობს.

აქამდე ვიცოდით, რომ ქართველი, თუ არა იძულებით, დევნით და გადასახლებით, არ ტოვებდა სამშობლოს, დღეს კი მთელ მსოფლიოში გაიშალა ჩვენი ემიგრაცია.

ეს იწვევს დიდ ცვლილებებს, თუნდაც ქართული ოჯახის სტრუქტურასა და ტრადიციებში, როცა თითქმის ყოველი ოჯახის რამდენიმე წევრი უცხოეთში ცხოვრობს. როცა ბევრი ახალგაზრდა დედის გარეშე იზრდება, რამეთუ იგი იძულებული გახდა სამსახური უცხოეთში დაეწყო.

ჩვენი მსოფლმხედველობის ცვლილებასაც იწვევს – გარესამყარო, რომელიც უმეტეს წილად უცნობი და მიუწვდომელი გვეჩვენებოდა, დღეს დაგვიახლოვდა და გაგვიშინაურდა.

მსოფლიოში გაბნეული ქართველები საზოგადოების ყველა სექტორში მოღვაწეობენ. ისინი – აკადემიკოსები და სტუდენტები, მომღერლები და კომპოზიტორები, მწერლები და მხატვრები, პოლიციის ოფიცრები, პოლიტიკოსები, ფერმერები და ბიზნესმენები – ჩვენი ქვეყნის ელჩები არიან. მათ ასევე აქვთ ქვეყნის განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, თუ კი შევძლებთ და ჩავაბამთ მათ ჩვენს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, როგორც აქტიურ ნაწილს.

ჩვენი დიასპორის წევრებს უფლება უნდა მივანიჭოთ უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში, რაშიც მათ მხარდაჭერა სჭირდებათ.

ჩვენს დიასპორას პოლიტიკური წარმომადგენლობა სჭირდება. დიასპორის დღეს მთელ ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ გაერთიანდეს ამ იდეის ირგვლივ, რომ ჩვენმა დიასპორამ პარლამენტში მოიპოვოს საკუთარი ხმა და საკუთარი ინტერესების წარმოჩენის უფლება ანუ რაღაც ფორმით წარმომადგენლობა. მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქის ჩაბმა სახელმწიფოს მშენებლობაში პრიორიტეტი უნდა იყოს.

ეს კი აუცილებელია, რამეთუ საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებები პირდაპირ გავლენას ახდენს საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების ცხოვრებაზე – დაწყებული საკუთრების უფლებიდან და „მოქალაქეობის შესახებ“ კანონით დასრულებული. პარლამენტში დიასპორის სათანადო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა ასევე დემოკრატიულ პრინციპებს ეყრდნობა.

მოხარული ვარ, რომ პარლამენტმა ახლახან მიიღო „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რითაც საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის უფლება ორი წლით გახანგრძლივდა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენ კიდევ უფრო შორს უნდა წავიდეთ და კიდევ უფრო გავამარტივოთ პროცედურები და ამითი შევუწყოთ ხელი უცხოეთში დაბადებულ ჩვენს ახალგაზრდებს, რათა ქართულ პასპორტთან ერთად შეინარჩუნონ სამშობლოსთან მჭიდრო კავშირი. ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესშია.

მინდა მივესალმო იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას, რომელიც დიასპორის წარმომადგენლებისათვის ბიომეტრიული პასპორტების საფასურის შემცირებას და პირადობის მოწმობების უფასოდ მიღებას ითვალისწინებს.

ამ წლის დასაწყისში, ორბელიანების სასახლის პატრონაჟით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ პირველად ჩაატარა ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი. ეს მხოლოდ დასაწყისია. დღეს დიასპორის თაოსნობით უამრავი პროექტი ხორციელდება, რომლებიც აღნიშვნას იმსახურებს.

ასეთია, მაგალითად, საფრანგეთში ქართველების პროექტი „ბიზნესი საქართველოში“, რომლის პრეზენტაციაც აქ შედგება და რომელიც პრეზიდენტის პატრონაჟით ხორციელდება.

ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ისეთი ინსტრუმენტის შექმნაზე, რომელიც ჩვენს დიასპორას შესაძლებლობას მისცემს პირდაპირი კავშირი დაამყაროს საქართველოში პოტენციურ საინვესტიციო სფეროებთან, იქნება ეს სტარტაპები, თუ დიდი რეგიონული პროექტები, რომლებიც ჩვენი რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად. გვჭირდება სახელმწიფო რესურსებისა და კერძო სექტორის გაერთიანება, პარტნიორობის ახალი ფორმატების მოფიქრება.

ეს მხოლოდ რამდენიმე მიმართულებაა, რომლებიც მოითხოვს გამყარებას და ჩაღრმავებას. სინამდვილეში, ჩვენ გვჭირდება არა ცალკეული პროექტი თუ ინიციატივა დიასპორის მიმართულებით, არამედ კონცეფცია, სტრატეგია, თუ როგორ გადავაქციოთ დიასპორული „საფრთხე“ – ანუ ქვეყნის დემოგრაფიული დაცლა საკუთარი აქტიური მოსახლეობისგან – ქვეყნის დიდ ძალად.

ამ სტრატეგიის ჩამოყალიბებაში, როგორც ზოგადად ქვეყნის მშენებლობის საქმეში, გვჭირდება ერთიანობა, ახალი ხედვები, ინიციატივები და შორსმჭვრეტელი გეგმები.

მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ და დიასპორას ან დავაბრუნებთ, ან ჩვენი განვითარების იარაღად ვაქცევთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიილია მეორე დიასპორას მიმართავს – თითოეული თქვენგანი სამშობლოსათვის მეტად ძვირფასია
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი-მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი და დამსახურება,რომელიც იყო დიასპორის წარმომადგენელი