სალომე ზურაბიშვილი – ჩვენ მოვითხოვთ უცხოეთისგან პატივისცემას და გვაღიზიანებს მათი მითითებები, კრიტიკა, პატივისცემა რომ დავიმსახუროთ, თავად უნდა ვცემდეთ პატივს ჩვენს თავსა და სიტყვას

ჩვენ მოვითხოვთ უცხოეთისგან პატივისცემას და გვაღიზიანებს მათი მითითებები, კრიტიკა, თუ გახშირებული შენიშვნები. იმისათვის, რომ პატივისცემა დავიმსახუროთ და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თავისი განვლილი გზით, საქართველო ამას იმსახურებს, ჩვენ თავად უნდა ვცემდეთ პატივს ჩვენს თავსა და სიტყვას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ნამდვილი პატრიოტიზმი მოითხოვს, რომ ქვეყნის ინტერესი დავაყენოთ ყველაფერზე მაღლა.

„გამოწვევა ჩვენს ევროპულ გზას ეხება, რომელსაც ჩემი ამ ქვეყანაში ჩამოსვლის დღიდან ვაიგივებდი და ვაიგივებ საქართველოს ერთადერთ ჭეშმარიტ გზასთან, ამ გაიგივებაში მარტო არ ვარ, ჩვენი წინაპრები იყვნენ, ილია და ნიკო ნიკოლაძე, სულხან-საბა და ექვთიმე, არა იმიტომ, რომ უცხოეთის დაკრულზე ცეკვავდნენ, არა იმიტომ, რომ საკუთარ მეობას არ იცავდნენ ან იდენტობის დაცვა ჩვენზე ნაკლებად ენაღვლებოდათ, არამედ მათ კარგად ესმოდათ, რომ ევროპას, როგორც ეკონომიკური და სოციალური განვითარების მოდელსა და როგორც მოკავშირეს, ალტერნატივა არ გააჩნია. მცდელობები, რომ დაგვაჯერონ მავანმა, თითქოს ევროპა, თავისუფლება, სოლიდარობა, ქრისტიანობა კი არა, არამედ გარყვნილების გზაა, სწორედ ერთადერთ პერსპექტივათან ჩვენს დაშორებას ემსახურება და კარგად გვესმის, ეს ვის ინტერესშია. აქაც, როგორც პანდემიასთან ბრძოლაში, ნამდვილი პატრიოტიზმი მოითხოვს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესი დავაყენოთ ყველაფერზე მაღლა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, პატრიოტიზმი ნიშნავს, რომ ქვეყანა ისე დაიცვა და გაუფრთხილდე, როგორც იცავ საკუთარ სახეს და სახელს, რამეთუ ვერავინ ვერ დაგამციროს და პატივისცემა დაგაკლოს.

„ჩვენ მოვითხოვთ უცხოეთისგან პატივისცემას და გვაღიზიანებს მათი მითითებები, კრიტიკა, თუ გახშირებული შენიშვნები. იმისათვის, რომ პატივისცემა დავიმსახუროთ და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თავისი განვლილი გზით, საქართველო ამას იმსახურებს, ჩვენ თავად უნდა ვცემდეთ პატივს ჩვენს თავსა და სიტყვას. ე.ი. ნაკისრ ვალდებულებებს ვასრულებდეთ, რაც არის ნდობის მოპოვებისა და შენარჩუნების წინაპირობა. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას გარეთ ძირს არ უნდა ვუთხრიდეთ და ვიწროპარტიული მიზნების მისაღწევად არ უნდა ვეწეოდეთ აქტიურ სადისკრედიტაციო კამპანიას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, სამარცხვინოა, როცა საქართველოს მოქალაქეები აქტიურობდნენ, რათა ქვეყნის სახე შელახონ ან მოითხოვონ ქვეყნის სხვადასხვა ფორმით დასჯა.

„დამოუკიდებლობა ვერ და არ უნდა ნიშნავდეს რაიმე ფორმის იზოლაციონიზმს, რამეთუ, როგორც კი მარტო რჩები, დასუსტებული, ძალაგამოცლილი, ბუნებრივად, ხდები იმის სამიზნე, ვისაც მუდმივი სწრაფვა ჰქონდა და აქვს გაფართოებისა და შენი დამორჩილებისკენ. ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული დღევანდელი რეალობა ყველას კარგად უნდა ესმოდეს, განსაკუთრებით ჩვენსავით პატარა ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანას, ეს ჩვენს წინაპრებს კარგად ესმოდათ და სწორედ ასე მოიყვანეს ეს ქვეყანა დღემდე, რეალური მოკავშირეების გამუდმებული ძებნით, რათა თავიდან აგვეცილებინა იმ დროისთვის ყველაზე დიდი საფრთხე, ამას ერქვა დიპლომატია და ამ ხელოვნებას უმაღლეს დონეზე ვფლობდით. დღესაც ჩვენი არჩეული პარტნიორები და მათთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი საუკეთესო დასაყრდენია, ჩვენი განვითარების საფუძველი და უალტერნატივო გზა დეოკუპაციისკენ.

მიმაჩნია და ვუთხარი კიდეც მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, რომ დოკუმენტის მომზადების პროცესი უაღრესად პოზიტიური გახლდათ, რამეთუ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და დღეს ევროკავშირის მთავარი პოლიტიკური ფიგურის ჩართულობა საქართველოს პროცესებში კავკასიასა და ზოგადად ევროკავშირის ახლო სამეზობლოში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის რეალური ხიდი, ჩვენსა და ევროპას შორის. ეს უნდა გვესმოდეს, ვაფასებდეთ, ვიყენებდეთ და ვუფრთხილდებოდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას შარლ მიშელის დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომლებიც მხარეებს შორის იყო შეთანხმებული და ვერც მის ანულირებაზე
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი ივანიშვილს აშანტაჟებს