სალომე ზურაბიშვილი : ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია, შემიძლია, ნებისმიერ დროს მივაწოდო პროკურორს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დავით გარეჯის საკითხზე განმარტებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ საზღვრის დამდგენი კომისია 2006-2007 წლებში შეთანხმდა, მაშინ როდესაც მას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა აღარ ეკავა. განცხადებაში ის არ საუბრობს ამჟმად მიმდინარე საქმეზე ან მის ფარგლებსი დაკავებულ ადამიანებზე.

სალომე ზურაბიშვილი, ასევე აღნიშნავს, რომ მისი ინფორმაცია შეუძლია, ნებისმიერ დროს პირადად პროკურორს მიაწოდოს.

“ამ დროს ყველასთვის ნათელია, რომ გამოძიება 2006-2007 წლებში კომისიის მიერ მიღწეულ შეთანხმებას ეხება, და არა ჩემს საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდს (18 მარტი 2004 – 19 ოქტომბერი 2005).

ამის მიუხედავად, და იმიტომ რომ, პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, საჭიროდ მიმაჩნია კიდევ ერთხელ, საჯაროდ გაგიზიაროთ ჩემს ხელთ არსებული სრული ინფორმაცია. ასევე, ეს ინფორმაცია შემიძლია ნებისმიერ დროს პირადად მივაწოდო პროკურორს.

დავიწყებ იქიდან, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრების საკითხი ნამდვილად იყო ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც აზერბაიჯანელ ასევე, სომეხ კოლეგებთან შეხვედრების დროს.

მაშინ, როგორც დღეს, მჯეროდა და მჯერა, რომ მყარი კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები მოითხოვს საზღვრების დელიმიტაციას და საქმის ბოლომდე მიყვანას, რაც გამორიცხავდა სამომავლოდ ყველანაირ გაუგებრობებებსა და შესაძლო ინციდენტებს.

მეორე მხრივ, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფოსთვის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებისთვის საზღვრების სამართლებრივ დადგენას დიდი მნიშვნელობა აკისრია.

აქედან გამომდინარე, ჩემი მინისტრობის პერიოდში, კომისიამ ორივე მიმართულებით იმუშავა, თუმცა, საბოლოო შეთანხმება ვერცერთ მხარესთან ვერ იქნა მიღწეული. ჩემი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო შეხევდრისას კომისიიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ საზღვრის რამდენიმე მონაკვეთი შეუთანხმებელი რჩებოდა, მათ შორის, იყო დავით გარეჯისა და წითელი ხიდის მონაკვეთები.

საკითხის მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, ჩემს კოლეგა ელმარ მამედიაროვთან ერთად, შევთანხმდით, რომ გადაწყვეტილების მისაღებად მიგვემართა ქვეყნის პრეზიდენტებისთვის, რამეთუ საკითხის გადაჭრა, მხოლოდ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე იქნებოდა შესაძლებელი. მე არ ვფლობ ინფორმაციას, ჩემი მინისტრობის შემდეგომ პერიოდში, ანუ, 2005 წლის 19 ოქტომბრის შემდეგ, პრეზიდენტებმა განიხილეს თუ არა ეს საკითხი, ასევე, ჩემთვის უცნობია იმის შესახებ თუ როდის, ან რა პირობებში მოხდა საკითხის კომისიაში განსახილველად დაბრუნება”, – აცხადებს ზურაბიშვილი.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ 14-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც გამოძიების პოლიტიკურ მოტივებთან ერთად, საუბარია მის პროცესში შერჩევით მიდგომებზეც, კონკრეტულად – სალომე ზურაბიშვილის მიმართ:

“პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდება კომისიის საქმიანობის 2005 – 2007 წლების პერიოდს შეეხება. იმის მიუხედავად, რომ 2005 წელს საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით იგი ამ დრომდე არ არის გამოკითხული.

ივერი მელაშვილის განმარტებით, სადელიმიტაციო კომისიის თავმჯდომარე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო და კომისიის საქმიანობა საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით ხდებოდა. კომისიის საქმიანობის შესახებ ცნობილი იყო სალომე ზურაბიშვილისთვისაც. სხვადასხვა უწყების, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ასევე წარმოდგენილები იყვნენ კომისიაში,” – წერია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ 7 ოქტომბერს დააკავა.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსისგან კიდევ 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიაEdison Research: გამოკითხულთა 54%-ს პარლამენტის მმართველი პარტიის შეცვლა სურს