სალომე ზურაბიშვილი – ჩემი ფეხი არის მყარი, ჩვენი, ყველას ფეხი არის მყარი, ვიცით, საითკენ მივდივართ და ამიტომ არის მყარი

დღევანდელმა დღემ გვაჩვენა ის, რაც ვიცით, რომ საქართველო არის ევროპული, საქართველო არის ევროპისკენ მიმართული და არავის მისცემს საშუალებას, რომ წაართვას ევროპა ამ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის მოედანზე განაცხადა, სადაც აქცია გაიმართა.

„ეს არის ჩვენი მიღწევა, ამდენი წლის მიღწევა ყველასი ერთად, რომ საქართველო მივიდა ევროპისკენ კარებთან და არავის აქვს უფლება, არალეგიტიმური არჩევნებიდან დანიშნულმა მთავრობამ, რომ უცებ გადაწყვიტოს, მიგვატრიალოს რუსეთისკენ. ეს არის ყველა ქართველისთვის მიუღებელი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას.

ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებაზე 26 მაისთან დაკავშირებით, სადაც ირაკლი კობახიძემ თქვა: „ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია. მკაფიო გაფრთხილებაა როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა „ნაციონალების“ მიმართ, ფეხი არ დაუცდეთ“.

„ჩემი ფეხი არის მყარი. მინდა, რომ დაწყნარდეს. ჩვენი, ყველას ფეხი არის მყარი, ვიცით, საითკენ მივდივართ და ამიტომ არის მყარი. ზუსტად ვიცით ჩვენი ორიენტაცია და არ ვკარგავთ. ვიქნებით ძალიან ბევრნი 26 მაისს. მოწოდებაც არ სჭირდება ხალხს, რომ ყველანი უნდა გამოვიდეთ, რადგან დამოუკიდებლობის დღე არის დღე, როდესაც უნდა გადავარჩინოთ დამოუკიდებლობა. უნდა ვუთხრათ მთელ მსოფლიოს, და არა მხოლოდ ჩვენ თავს, რომ ჩვენ იქ ვდგავართ, სადაც ვიდექით ექვსი თვის წინ, ერთი წლის წინ და ორი წლის წინ და პრაქტიკულად, 30 წელია, ვდგავართ ყოველ ჯერზე, როდესაც რაიმე საფრთხე ემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას, თუ საქართველოს ევროპულობას. იქ ვიქნებით ბევრნი, დავანახებთ ყველას ჩვენს თავს და დავუბრუნდებით ჩვენს გზას, ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა ქვეყნიდან 2 უნგრელ დიპლომატს აძევებს
შემდეგი სტატიაგიორგი ტიგინაშვილი: პაპი და თანამედროვე გამოწვევები