სალომე ზურაბიშვილი : ბრექსიტი საქართველოსთვის არის შანსი, გაწევრიანდეს ევროკავშირში

„ბლუმბერგი” საქართველოს პრეზიდენტთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ბრექსიტის მნიშვნელობაზე საუბრობს.

ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს წასვლით შექმნილ შესაძლებლობას უნდა ჩაეჭიდოს და წინ წასწიოს ევროკავშირში გაწევრიანების საქმე.

„ჩვენ ამ ვითარებას განვიხილავთ შემართებით, რათა მივიღოთ მისგან მაქსიმალური სარგებელი,“ – აღნიშნავს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „საქართველო ცდილობს, გამოიყენოს ის, რაც შეიძლება მოხდეს ბრექსიტთან დაკავშირებით, რათა შეაღოს ევროკავშირის კარი იმ დროს, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მხარს უჭერს „ყველასთვის ღია, განსხვავებული სიჩქარის ევროპას.“

„ლოგიკურია, რომ ქვეყანას, რომელიც მტკიცედ მიიწევს წინ და სურს ევროპასთან, არ უნდა მოექცნენ იმაზე ნაკლებად, ვიდრე ქვეყანას, რომელიც მტკიცედ მიდის ევროპისგან,“ – აცხადებს ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, ზაფხულში ბათუმში დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერების კონფერენცია იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა საქართველოსთვის, წარადგინოს საკუთარი ხედვები, თუ სად მიემართება.

„ევროპა ყოველთვის აღწევდა პროგრესს მნიშვნელოვანი კრიზისების საშუალებით“, – აღნიშნავს პრეზიდენტი.

რაც შეეხება ნატო-ში ინტეგრაციის საკითხს, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ სამხედრო თვალსაზრისით, საქართველო აბსოლუტურად მზად არის ამისთვის.

„ჩვენ რომ წევრობის სამოქმედო გეგმა მიგვეღო, ყველამ იცის, რომ მზად ორ თვეში ვიქნებოდით,“ – აცხადებს ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რუსული ძალების მიერ „ყოველდღიური პროვოკაციების“ მიუხედავად, „ერთი ინჩითაც არ შეცვლილა საქართველოს გადაწყვეტილება“ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობაზე და „თუკი ეს იყო რუსეთის მიზანი, მაშინ ის დამარცხდა“.

პრეზიდენტი გეგმავს, ყურადღება გაამახვილოს, თუ როგორ უნდა დააღწიოს საქართველომ თავი „პოსტ-საბჭოთა სინდრომს და გახდეს ნამდვილად ევროპული საზოგადოება“ ისეთ საკითხებში, როგორიცაა შრომითი უსაფრთხოება, შშმ ბავშვების ინკლუზია და კვებითი სტანდარტები.

„ჩვენ ჯერ კიდევ შესაცვლელი გვაქვს მენტალობა,“ – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : საქართველოს სუვერენიტეტის შემდგომი განმტკიცებისთვის შავ ზღვაზე აქცენტის გაკეთება მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი : სიკვდილით დასჯის შემოღება აფხაზებისთვის შეურაცხმყოფელია