სალომე ზურაბიშვილი არის სერგო ორჯონიკიძე კაბით

ნიკა მელია

სალომე ზურაბიშვილი, დიახაც, არ მოვერიდები, მაპატიეთ, არის სერგო ორჯონიკიძე კაბით. ტანკით აღარ გვიტევს ჩვენი მტერი, პირდაპირ საპრეზიდენტო სავარძელში უნდა ჩაგვისვას რუსეთის ფედერაციის მიერ ხელდასმული პრეზიდენტი,“ – ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „არჩევანის“ ეთერში გააკეთა.

ნიკა მელიას თქმით, სალომე ზურაბიშვილს საზოგადოება არჩევნებზე ხმას არ მისცემს, რადგან ის რუსეთის ინტერესების გამტარებელია.

მელია აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ დღევანდელ შეკრებაზე, სადაც სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა, ღიად დააფიქსირა, რომ ზურაბიშვილი არა დამოუკიდებელი, არამედ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატია.

„სალომე ზურაბიშვილი, თავად „ქართულ ოცნებასაც“ დაავიწყდა, რომ დამოუკიდებელი კანდიდატია. ვითომ დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსითაც აღარ არის ეს ქალბატონი წარმოჩენილი. დღეს უკვე ღიად აზილეს ერთმანეთთან და მოუწოდა ბატონმა ივანიშვილმა ხალხს, რომ მხარი დაუჭირეთ სალომე ზურაბიშვილს,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, გრიგოლ ვაშაძეს გამარჯვების ძალიან დიდი შანსი აქვს, რადგან ის გაერთიანებულ ოპოციას წარმოადგენს.

„ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ნიკა მელია მაფიოზურ კლანურ მმართველობად აფასებს. ენმ-ს წევრი ამბობს, რომ მაფიოზურ კლანს მართავს ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც საკუთარი ჯალათის სახით ჰყავს ოთარ ფარცხალაძე.

„იმ ნაწილს საზოგადოებისას, რომელსაც ჰქონდა იმედი, რომ იქნებ ეს არის გაზვიადებული, იქნებ ეს არ ხდება, იქნებ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არ არის ისეთი, როგორიც ჩანს განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში, ამ ნაწილმა საზოგადოებისა ძალიან კარგად დაინახა და გაიგო – ეს არ არის ხელისუფლება, ეს არის კლასიკური მაფიოზური მმართველობა. კლასიკური მაფიოზური მმართველი, რომელსაც ჰყავს საკუთარი ჯალათი ბატონი ფარცხალაძის სახით,“-განაცხადა ნიკა მელიამ და აღნიშნა, რომ ფარცხალაძეს ივანიშვილებთან ნათესაობა აკავშირებს, რადგან მისი შვილიშვილის ნათლია არის ბერა.

ნიკა მელია აცხადებს, რომ შველა სჭირდება ქვეყანას და რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება გაერთიანებულ ოპოზიციაში „ძალა ერთობაშია,“ უფრო მოხერხდება ამ ხელისუფლების დამარცხება. მისივე თქმით ოპოზიციის რიგებში გადავიდნენ ისეთი ადამიანებიც ვინც რეალურად ძალიან უარყოფითად იყვნენ განწყობილები წინა ხელისუფლების მიმართ, მათშორის არის თაკო ჩარკვიანი და მურმან დუმბაძე. ნიკა მელიას თქმით ამ ადამიანებმა გადაწყვეტილება სწორედ ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პროცესების გამო მიიღეს.

მისივე თქმით, რომ არა ზაზა ოქუაშვილი, ჯერ კიდევ დიდი ხანი არ გამოვიდოდა სააშკარაოზე რეალურად რა ხდება ქვეყანაში. ნიკა მელია ამბობს, რომ ზაზა ოქუაშვილმა ნამდვილად გაბედული ნაბიჯი გადადგა. ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ ძალიან მალე ბევრი ადამიანი ისაუბრებს იმაზე, თუ რეალურად რა ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა ივანიშვილის ხელისუფლების დროს. მათ შორის იქნება “თიბისი ბანკის” ხელმძღვანელი, ვახტანგ ბუცხრიკიძეც.

banner
წინა სტატიაშიეს ხალხი მოვიდა პატარა, 3 თვის ბავშვის მკვლელობით
შემდეგი სტატიააზნავურის დაკრძალვის დღე სომხეთში გლოვის დღედ გამოცხადდა