ცხადია, რჩება ორი მთავარი მოთხოვნა, ერთია ყველას განთავისუფლება და არჩევნები, თავისუფალი, თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს.
„უნდა დავსხდეთ და ძალიან სერიოზულად შევისწავლოთ, როგორი უნდა იყოს ის დეტალური მოთხოვნები, რომ მერე არავინ, არასოდეს არ მოატყუოს ქართველი ხალხი. ფარულობა, არაინტიმიდაცია და უნივერსალობა იმ მხრივ, რომ ჩვენმა დიასპორამ მიიღოს ის, რაც არის მისი საკუთარი უფლება, მონაწილეობა მიიღოს ამ ქვეყნის მომავალში, რადგან ისინიც, როგორც ჩვენ არიან ამ ქვეყნის მომავალი. ამ კონკრეტული არჩევნებისთვის პირობების შექმნა, დოკუმენტურად ამის დადებაზე ვიმუშავებ მე ყველასთან ერთად, ვინც ამ საქმეში იყო და არის ჩართული. იმისთვის, რომ ძალიან მალე, რამდენიმე დღეში დავდოთ ეს დოკუმენტი და იყოს ჩვენი არჩევნების მოთხოვნასთან ერთად. ეს არ არის ლოზუნგი, რომ ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს, ეს არ არის რაღაც ისეთი რიტორიკული განცხადება, ეს არის რეალური მოთხოვნა და ამიტომ უნდა იყოს რეალურად დაფუძნებული თავის პირობებზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე განცხადებით, ყველა ქვეყანაში ასეთი კრიზისის შემდგომ ერთადერთი გამოსავალი არის არჩევნები.
„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ არჩევნებისთვის და არა მხოლოდ იმით, რომ დავდოთ ასეთი დეტალური დოკუმენტი. პარტიები უნდა იყვნენ მზად, ახალი ძალები, რომელიც გამოიკვეთა ამ პროტესტის დროს, ისინიც უნდა იყვნენ მზად, ვინც აპირებს, რომ ხვალინდელი ქვეყნის პოლიტიკაში იყოს, თქვენი ჯერია და მოემზადეთ. ეს ძალიან მალე მოვა და ამაში მეც დაგეხმარებით. უნდა დავიცვათ თავისუფალი მედია, რადგან თავისუფალი მედიის გარეშე არც თავისუფალი არჩევნები არ იქნება და არც თავისუფალი საზოგადოება. თავისუფალი ინფორმაცია არის დემოკრატიული ქვეყნის აუცილებელი ნაწილი. ამიტომ ეს ყველას და პირადად ჩემიც, ვალდებულებაა, რომ ჩვენ დავიცვათ აქ მყოფი მედია“,- განაცხადა ზურაბიშვილმა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა დღეს ამოეწურა.