5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

სალომე ზურაბიშვილი აფგან სადიგოვის საქართველოდან აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილებას ეხმაურება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ზურაბიშვილი ჟურნალისტ აფგან სადიგოვის საქართველოდან აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილებას ეხმაურება.

,,ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევით და აფგან სადიგოვის გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმი უარყოფს საერთაშორისო სამართალს და ადამიანის უფლებებს. საერთაშორისო საზოგადოებამ ყურადღებით უნდა აკონტროლოს ეს საქმე, ხმა აიმაღლოს და გადამწყვეტად იმოქმედოს“, – წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის იქნა დაკავებული. სახდელის სახით მას შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით. ადვოკატის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება ღამის 4:00 საათზე მიიღო.

საგამოძიებო უწყება განმარტავს, რომ ქართული მხარისთვის, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები, თუმცა შსს დასძენს, რომ სადიგოვის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას, შესაბამისად, აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა.

banner
წინა სტატიაში„სქაი ნიუსი“: ისრაელის მიერ ლიბანზე იერიშის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიამეუფე შიო: სიყვარულმა გაგვაერთიანა და გადაგვატანინა პატრიარქის გარდაცვალების მძიმე მოვლენა