სალომე ზურაბიშვილი – ამ რუსული რეჟიმის გამო დღეს ციხეში ვინც არიან, ჩვენზე უფრო თავისუფალი ადამიანები არიან

დღევანდელი საღამო აღდგომის საღამოა, რომელიც, პირველ რიგში, არის დიდი იმედის საღამო, ეს არის ზეიმი თავისუფალი ადამიანისა და ის ადამიანები, რომლებიც აქ არიან, რომლებიც მოვლენ და ილოცებენ, რომლებიც საქართველოს ეკლესიებში ლოცულობენ, თავისუფალი ადამიანები არიან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საპროტესტო აქციის იმედი არის ის, რომ ყველა ერთად არის.

„მთავარი იმედია, რომ ჩვენ ერთად ვართ, რაც არ უნდა ამ წუთში ცოტანი ვიყოთ, დარწმუნებული ვარ, საღამოს ბევრი ხალხი იქნება. ყველა არის ერთიანი იმაში, რომ ჩვენ გვინდა თავისუფლება, გვინდა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და არ შევეგუებით რუსულ რეჟიმს. ეს არის მთავარი, რაც ყველას გვაერთიანებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ „ვიზალიბერალიზაციის საკითხი დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას“.

„ხელისუფლების მიერ არის მოგონილი, რომ საზოგადოება ააფორიაქონ, გადააბრალონ სხვებს და ოდესღაც ეს თუ მოხდა, თქვან, თითქოს მათი ბრალი არ არის. რეალურად ეს საფრთხე დღეს არ არის, მაგრამ ასე თუ გააგრძელებენ, ეს საფრთხეც მოვა, ეს იქნება მათი და მხოლოდ მათი პასუხისმგებლობა და სხვა არავისი – არც ევროპელების, არც საზოგადოების, ეს იქნება ამ რუსული ხელისუფლების ბრალი, მაგრამ ჩვენ ჯერ ვიბრძვით, ყველაფერს შევინარჩუნებთ და გავაგრძელებთ ევროპულ გზას. ვიზალიბერალიზაცია შეეზღუდება პაპუაშვილს და კობახიძეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა აქციების დროს დაკავებულებს მადლობა გადაუხადა „გამძლეობისთვის და მათი ყოჩაღობისთვის, მათი ქართველობისთვის“.

„პირველ რიგში, მადლობას ვეტყვი მათ გამძლეობისთვის და ყოჩაღობისთვის, მათი ქართველობისთვის. დღეს სადაც არ უნდა იყვნენ, საქართველოს ყველა ეკლესიაში მათზე ლოცულობენ. ისინი არიან ჩვენი ღირსება, ჩვენი იმედი და ხვალინდელი თავისუფლება. დღევანდელი საღამო აღდგომის საღამოა და, პირველ რიგში, არის დიდი იმედის საღამო, ეს არის ზეიმი თავისუფალი ადამიანისა. ის ადამიანები, რომლებიც აქ არიან, რომლებიც მოვლენ და ილოცებენ და, რომლებიც ლოცულობენ საქართველოს ეკლესიებში, თავისუფალი ადამიანები არიან, იმიტომ რომ, თუ რამე გვესმის ქრისტიანობის, მართლმადიდებლობის – ეს არის ზეიმი თავისუფალი ადამიანისა. ამ რუსული რეჟიმის გამო დღეს ციხეში ვინც არიან, ჩვენზე უფრო თავისუფალი ადამიანები არიან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაქციის მონაწილეებმა გმირთა მემორიალთან ფიცი დადეს – ვფიცავთ, დავიცავთ საქართველოს, სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას, მამულს, ერთობას და რწმენას
შემდეგი სტატიასაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე