სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნებს მოიგებს პირველივე ტურში იმის გამო, როგორც თქვენ იქცევით-თალაკვაძე ენმ-ს

სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნებს მოიგებს პირველივე ტურში იმის გამო, როგორც თქვენ იქცევით და როგორი კამპანიაც გაქვთ გაჩაღებული, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სალომე ზურაბიშვილზე სათქმელი არაფერი აქვთ. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის მთავარი ოპოზიციური პარტია.

„ყოველდღე ვხედავთ როგორ მუშაობს თქვენი სიცრუის მანქანა. თქვენი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც 2009 წლამდე რუსული პასპორტი ვერ გააგდებინეს ხელიდან, ჩვენ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს, საქართველოსთვის დამაზიანებელი განცხადებები გააკეთაო. იგივეს აკეთებენ ადამიანები, რომლებმაც 2008 წლის ომში სწრაფი სირბილით გამოიჩინეს თავი. რა აქვთ მაგათ სალომე ზურაბიშვილზე სალაპარაკო, ადამიანზე, ვისი უშუალო ძალისხმევითაც მოხდა საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანა?! სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნებს მოიგებს პირველივე ტურში იმის გამო, როგორც თქვენ იქცევით და როგორი კამპანიაც გაქვთ გაჩაღებული.

ალბათ, კარგად ხვდებით, რომ არა მხოლოდ თქვენი კანდიდატი აგებს ამ არჩევნებში, არამედ თქვენი პარტია აგებს, რომელიც აქამდე მთავარ ოპოზიციურ პარტიად ეცნობოდა საზოგადოებას. ამიტომ ხართ ასე გააქტიურებულები. თქვენ აგებთ არჩევნებსაც და სიტყვა „მთავარსაც“. აი, ეს არის თქვენი მთავარი ინტერესი, გრიგოლ ვაშაძე კი არ გაინტერესებთ, გაინტერესებთ, რომ თქვენი მითი შეინარჩუნოთ, თითქოს მთავარი ოპოზიციური პარტია ხართ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიფიზიკური დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში – “ქართული ოცნება” ჩხუბის პროვოცირებაში “ენმ”-ს ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაივანიშვილის დენდროლოგიური პარკი და ნატანების დაზარალებული მოსახლეობა