სალომე ზურაბიშვილი – 38,63%, გრიგოლ ვაშაძე – 37,74%, – ცესკო ამ დროისთვის არსებულ ბოლო მონაცემებს აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის 3705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3692+11 უბანი, რაც საერთო რაოდენობის 99.95 პროცენტია.

აღნიშნული უბნების მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს 615 403 ხმა აქვს, რაც ხმათა 38.63 პროცენტს შეადგენს, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 601 175 (37.74 პროცენტი).

მესამე ადგილზეა დავით ბაქრაძე 174 699 ხმით, რაც ხმათა საერთო რაოდენობის 10.97 პროცენტს შეადგენს.

დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა ოთხ პროცენტზე ნაკლები მოაგროვეს.

როგორც ბრიფინგზე ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა და განსაკუთრებულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია, გარდა ცალკეული პროცედურული ხასიათის დარღვევებისა, რომელთა უმრავლესობაზეც, ჟვანიას თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ადგილზევე მოახდინა მყისიერი რეაგირება.

„ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 3 518 877, რომელშიც ასევე შედიოდნენ საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები, მათ შორის 14 795 საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთის მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქე.

28 ოქტომბრის 20:00 საათის მდგომარეობით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46,74%. წინასწარი შედეგებით, ამ დროისთვის დათვლილია 3703 უბნის მონაცემი, რაც წარმოადგენს თითქმის უბნების 100%-ს“,- განაცხადა თამარ ჟვანიამ.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატს გამარჯვებისთვის 50% +1 ხმა სჭირდება. არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენების ხმების რაოდენობა.

თუ არჩევნების პირველ ტურში ხმათა საჭირო რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. მეორე ტურში ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება პირველი ტურის ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის მოუწევს. არჩევნების მეორე ტურს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია შესაბამისი განკარგულებით. არჩევნების მეორე ტური იმართება პირველი ტურის შედეგების ოფიციალური გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, ვინც მეტ ხმას მიიღებს. არჩევნების მეორე ტურში კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე 38.5%, სალომე ზურაბიშვილი 37.6% – „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის შედეგები
შემდეგი სტატია“ამომრჩევლის მოსყიდვა და დამკვირვებლების უფლებების შეზღუდვა” – არასამთავრობოები მნიშვნელოვან დარღვევებზე საუბრობენ