სალომე სამადაშვილმა ნინო ლომჯარიას გიორგი რურუას საქმისა და 20 ივნისის მოვლენებზე პრემიერის განცხადების შეფასება სთხოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას რამდენიმე კითხვით მიმართა.

სამადაშვილმა ნინო ლომჯარიას ჰკითხა, თუ როგორ ხედავს გიორგი რურუას საქმის მომავალს, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოში.

„ძალიან ბევრი პრობლემაა თქვენს ანგარიშში გამოკვეთილი და ახლა რთულია, რომ ყველაფერზე შეკითხვა დავსვათ, მაგრამ არსებობს ორი საკითხი, რომელზეც მნიშვნელოვანია თქვენი აზრის მოსმენა. პირველი შეეხება იმ საქმეებს, რომელიც არის ფაქტობრივად კონტექსტში ჩვენი მხრიდან მოხსენიებული 8 მარტის შეთანხმების. ზოგიერთი ეს საქმე უკვე მოხვედრილია თქვენს ანგარიშში, ისეთი, როგორიც მაგალითად, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ განხორციელებული სამართლებრივი დევნა, ახსენეთ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე, თქვენს ანგარიშში საუბარია სხვა პოლიტიკოსების წინააღმდეგ განხორციელებულ შესაბამის სამართლებრივ შევიწროებასა და თუ დევნაზე, მაგრამ ჩემთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენი შეფასებები მოვისმინოთ იმ საქმეზე, რომელიც ვვარაუდობ, ანგარიშში არ არის მოხვდერილი დროის პერიოდის გამო.

არის ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რაც უკავშირდება პოლიტიკურ დევნას და პოლიტიკური პატიმრის არსებობას ჩვენს სახელმწიფოში, რომელიც საფრთხეს უქმნის იმ 8 მარტის შეთანხმებას, რომელიც თქვენ ძალიან პოზიტურად გაქვთ შეფასებული ანგარიშში.

მაინტერესებს, მოვისმინოთ თქვენი წინასწარი შეფასებები გიორგი რურუას უკანონო დაპატიმრებასთან დაკავშირებით, მაინტერესებს, როგორ ხედავთ ამ საქმის მომავალს, რა ბედი ელოდება ამ საქმეს, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოში, ამ საქმის გამოყენებით, რატომ უქმნის ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ კონსენსუსს საფრთხეს ხელისუფლება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილის მეორე კითხვა 20 ივნისის მოვლენებს შეეხებოდა.

„თქვენს ანგარიშში საუბრობთ, რომ 20 ივნისის ღამეს ვინ გასცა ბრძანება საქართველოს მოქალაქეებისთვის დათვებზე სანადირო ტყვიების დაშენის და ხალხის დაბრმავების, დღემდე გაურკვეველია. პრემიერი გვეუბნება, რომ მას არ აინტერესებს, ვინ გასცა ბრძანება 20 ივნისს, რომ ეს საქმე დახურულია. არავინ აპირებს შესწავლას. მაინტერესებს, მოვისმინო თქვენი შეფასება, როგორც სახალხო დამცველის, რომელიც პასუხისმგებელია მათ შორის ფართო შეფასებების გაკეთებაზე, სახელმწიფო ინსტიტუტები საერთოდ ქვეყანაში გვაქვს თუ არა. არის თუ არა სახელმწიფოს მიტაცება და ჩამოშლა, როდესაც პრემიერი აცხადებს, რომ არ აინტერესებს, გამოიძიოს ვინ გასცა ბრძანება და თქვენ ანგარიშში გვეუბნებით, რომ ეს გამოძიება არის მართლაც შეჩერებული“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმინდა მომავლისკენ ვიაროთ და სწორედ ამისთვის ემზადება “ლელო“
შემდეგი სტატიასოფო კილაძე – პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მოწყურებულია რევოლუციას, გამოიყენა გავრილოვის ძალიან სამწუხარო შემთხვევა