სალომე სამადაშვილი : ვფიქრობ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს გაუჭირდებათ იმავე მეთოდებითა და წესებით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიღება, როგორიც აქამდე გვინახავს

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უშუალო ჩამოსვლა საქართველოში შეზღუდულია, ისინი ძალიან აქტიურად აკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელის, ჯიმ რიშისა და სენატორ ჯინ შაჰინის ერთობლივ განცხადებას.

„განსაკუთრებით, მინდა გამოვეხმაურო, გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ გაკეთებულ განცხადებას. ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთი შეხსენება იმისა, რომ ჩვენს ქვეყანასთან სტრატეგიული ურთიერთობები, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების, ემყარება სწორედ დემოკრატიული სტანდარტების დაცვას და დემოკრატიული სტანდარტების დაცვით ამ არჩევნების ჩატარებას აქვს მნიშვნელობა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, არამედ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ამოცანების განხორციელების თვალსაზრისითაც.

ვფიქრობ, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს გაუჭირდებათ იმავე მეთოდებითა და წესებით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიღება, როგორიც აქამდე გვინახავს. ეს იყო იმის კიდევ ერთხელ შეხსენება, რომ ხვალ საარჩევნო დღემ უნდა ჩაიაროს იმგვარად, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით არ იყოს არანაირი შეკითხვა, რამაც შეიძლება, საფრთხის ქვეშ დააყენოს არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობა, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ“, – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმი გააფორმეს, რომლის თანახმად, „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციური მთავრობის შექმნაზე უარს ამბობენ
შემდეგი სტატიასაინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღეს