სალომე სამადაშვილი თამარ ჟვანიასთან საჯარო შეხვედრას მოითხოვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მიმართავს და მასთან საჯარო შეხვედრას მოითხოვს.

ამის შესახებ სამადაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ცესკო-ს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს ყველა მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლება და არჩევნების შედეგად არჩეული ხელისუფლების უფლებების დაცვა.

„საკუთარ მარცხში დარწმუნებულმა „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტეს, რომ ახლა კორონაპანდემია საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენოს. უკანასკნელ დღეებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ყოველდღიურ რეჟიმში ახალ დადგენილებებს იღებს, რომელიც როგორც ჩანს, სწორედ ქმნის პირობებს, რომელიც სჭირდება „ქართულ ოცნებას“, რათა საპარლამენტო არჩევნები კომფორტულად გააყალბოს, დაწეროს შედეგები, რაც ბიძინა ივანიშვილის მიერაა დაკვეთილი და წაართვას ქართველ ხალხს უფლება, ჰქონდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები.

გვსურს, საზოგადოება ამ გეგმების შესახებ საქმის კურსში ჩავაყენოთ და მინდა, დღეს „ქართული ოცნებისა“ და ქალბატონ თამარ ჟვანიას გასაგონად განვაცხადო – იმისთვის, რომ ამ არჩევნებს ჰქონდეს ლეგიტიმურობის პრეტენზია, როგორც ჩვენი საზოგადოების ასევე საერთაშოროსო თანამეგობრობის თვალში, უმნიშვნელოვანესია, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება მიღებული, იყოს მიღებული ერთადერთი მიზნით, რომ უზრუნველყოს, საქართველოს ყველა მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლება და არჩევნების შედეგად მიღებული ხელისუფლების უფლებების დაცვა. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას ჩავაყენებთ საქმის კურსში.

მინდა, მივმართო თამარ ჟვანიას, ჩვენ მოვითხოვთ საჯარო შეხვედრას, რათა ვისაუბროთ იმ კონკრეტულ პრობლემებზე, თუ გასული დღეების განმავლობაში როგორ იქნა მიღებული თქვენი უწყების მიერ გადაწყვეტილებები, რომელიც რეალურად არის დაგეგმილი არჩევნების გაყალბებისთვის“, – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას ინფორმაციით, ავჭალაში ახალგაზრდა მამაკაცი ავტომანქანაში ჩაცხრილეს
შემდეგი სტატია250 000 ლარამდე უზრუნველყოფის გარეშე სესხით სარგებლობა ნებისმიერი პროფილის ბიზნესს შეუძლია