სალომე სამადაშვილი : შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან დეტალურად ვაპირებ გიორგი ონიანის დაპატიმრების საკითხის განხილვას

შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან დეტალურად ვაპირებ ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრის, გიორგი ონიანის დაპატიმრების საკითხის განხილვას, – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა შვედეთის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრამდე გააკეთა.

სამადაშვილის თქმით, შეხვედრაზე საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრებს და დეტალურად განიხილავს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.

„შვედ კოლეგებთან რა თქმა უნდა, იმ ვითარებაზე ვისაუბრებთ, რაც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი. ძალიან დეტალურად ვაპირებ განვიხილო ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრის, გიორგი ონიანის დაპატიმრების საკითხი, რაც გუშინ მოხდა და ზოგადად ის ძალადობრივი გარემო, რომელშიც უკანასკნელი არჩევნები ჩატარდა. შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ვაპირებ გავაცნო ის საფრთხე, რაც დღეს საქართველოს დემოკრატიას ემუქრება. ქვეყანა ფაქტობრივად, ერთპარტიულ სისტემად ჩამოყალიბდა. ვისაუბრებ საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ძალიან დეტალურად განვიხილავ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, თუ რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას დემოკრატიის დეფიციტმა. შვედეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირში საქართველოს ინტერესებს მუდამ ლობირებდა და მათ ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები უნდა ესმოდეთ“, – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიორგანიზებული დანაშაულის ინდექსი 37 პოზიციით გაუმჯობესდა
შემდეგი სტატიაევროპის საბჭოში საქართველოზე ანგარიშს განიხილავენ