სალომე სამადაშვილი: სამედიცინო ვაუჩერი ყველა პენსიონერს 100 ლარის ოდენობით

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ანტიკრიზისული გეგმის საზოგადოებისთვის წარდგენას განაგრძობს. ამჯერად დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პენსიონრებისთვის 100 ლარიანი სამედიცინო ვაუჩერის გადაცემის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ დღეს არ არის დრო, როდესაც ჩვენ შეიძლება ვსაუბრობდეთ ჩასაფრებულის პოზიციით ან ვსაუბრობდეთ ოპოზიცია, რომელსაც სურს, რომ შეცდომებზე ხელისუფლებას მიუთითოს, რადგან ჩვენ ან ერთად გავიმარჯვებთ ამ პანდემიაზე, როგორც საზოგადოება, ან ერთად დავმარცხდებით. ამიტომ ყველა ჩვენი წინადადება, რომელსაც ეს დღეებია წარვუდგენთ საზოგადოებას, არის სწორედ მოტივირებული იმით, რომ ხელისფლებამ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც აუცილებელია ჩვენი მოქალაქეების დასაცავად იმ კრიზისისგან, რომელიც ქვეყანაში პანდემიის შედეგად შეიქმნა.

რა არის აუცილებელი? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დღეს გამოწვევა არის მასობრივი ტესტირების ორგანიზება და ჩვენ იმედი გვაქვს,რომ ხელისუფლება როგორც დაგვპირდა ამას, მართლაც, უახლოეს დღეებში უზრუნველყოფს იმიტომ, რომ ეს არის დადასტურებული მეთოდი იმის, რომ ჩვენ შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ახლა მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც დაიცავს მოქალაქეების იმ ჯგუფებს, რომლებსაც განსაკუთრებით დაარტყა შექმნილმა ვირუსმა და ეკონომიკურმა კრიზისმა.

ჩვენ გაგაცანით რამდენიმე ინიციატივა, რომელიც შეეხებოდა უმუშევრად და შემოსავლის გარეშე დარჩენილ ადამიანებს, ახალგაზრდებს, სტუდენტებს და მოსწავლეებს. დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ იმ ჯგუფზე, რომელიც არის განსაკუთრებით მოწყვლადი ჩვენს საზოგადოებაში, ვირუსის პირობებში და ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი უფროსი თაობის მოქალაქეები.

სამედიცინო ვაუჩერი ყველა პენსიონერს 100 ლარის ოდენობით, მისცემთ შესაძლებლობას, რომ უახლოეს დღეებში მათ შეიძინონ ის მედიკამენტები, რაც იმუნიტეტის გაძლიერებას სჭირდება და ისინი უკეთ მომზადებულნი შეხვდნენ პანდემიას. ეს არ არის ძალიან დიდი ხარჯი სახელმწიფოსთვის, თუმცა მნიშვნელოვანი დახმარება იქნება უახლოეს დღეებში ყველა პენსიონერისთვის. 760 000 პენსიონერი გვყავს დღეს ჩვენს ქვეყანაში, ანუ 76 მილიონი დასჭირდება ამ პროგრამის განხორციელებას. ვფიქრობ, რომ თუ ხელისუფლება შეამცირებს არასაჭირო ადმინისტრაციულ ხარჯებს აუცილებლად და მარტივად შეიძლება ამ თანხის გამოძებნა“,- განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 39 ადამიანი გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაშემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ ვისაც შეჩერებული აქვს საქმიანობა, საგადასახადო შეღავათის მიღებისთვის უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული განაცხადი უნდა შეავსონ