სალომე სამადაშვილი : როცა სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე არ არის, თავდასხმა ლუგარის ლაბორატორიაზე და სხვა ობიექტებზე შესაძლოა, გაძლიერდეს

ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებებით უქმნის საფრთხეს დასავლურ მომავალს და კარს უხსნის რუსეთის ზეგავლენას ჩვენს ქვეყანაზე,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს კიბერშეტევასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას მსგავს ქმედებებზე ადეკვატური პასუხი არ აქვს.

“რა თქმა უნდა, პირველად არ არის რომ ლუგარის ლაბორატორიას თავს ესხმის რუსეთი, ამაზე ადეკვატურ პასუხს საქართველოს ხელისუფლებიდან ვერ იღებდა. ამ პირობებში, როცა სახელმწიფო არ არის მოწოდების სიმაღლეზე და ვერ იცავს სახელმწიფო ინტერესებს, თავდასხმა ლუგარის ლაბორატორიაზე და მომავალში სხვა ობიექტებზეც, შესაძლოა, გაძლიერდეს და გაიზარდოს, რადგან დღეს არ გვაქვს შესაბამისი კონცეფცია, რომელიც უნდა ჰქონდეს ქვეყანას, რომელიც მსგავსი საფრთხეების წინაშე დგას,”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დეპუტატი ასევე, გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გაეროს რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ხელისუფლების უმოქმედობის გამო, რუსეთს არანაირი პოლიტიკური ფასის გადახდა არ უწევს.

„კარგია, რომ ჩვენ გვაქვს სამართლებრივი ბაზა, რომელიც ჩვენს ინტერესებს იცავს, მაგრამ ხელისუფლება, ვერ იყენებს ამ ბაზას, რომ დაიცვას ჩვენი სახელმწიფო ინტერესები, რადგან დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა გულისხმობს იმას, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ, ზედმეტად არ ვისაუბროთ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან, რა თქმა უნდა, გულისხმობს, რომ ის, რა რეზოლუციასაც გაერო იღებს რჩება ქაღალდზე დაწერილ ტექსტად და ცხოვრებაში შესაბამისი გადაწყვეტილებების რეალიზაცია ვერ”, -განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”. მიმდინარე წელს რეზოლუციის მხარდამჭერი 84 სახელმწიფოა.

banner
წინა სტატიაშითბილისში ევროპული პრესკლუბი გაიხსნა
შემდეგი სტატიაკახა ოქრიაშვილის პარტია საარჩევნო ბლოკ “ძალა ერთობაშიას” შეუერთდა