სალომე სამადაშვილი – „ქართული ოცნება” არ შეიძლება ამ ქვეყანას მართავდეს, რადგან ამ ხალხს სახელმწიფოებრივი აზროვნება არ შეუძლია

„ლელოს“ დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე „ქართული ოცნების” რიტორიკა და მათი განცხადებები იმაზე მეტყველებს, რომ მათთვის მორალური კრიტერიუმები არ არსებობს.

როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ არ შეიძლება ხელისუფლების სათავეში იყოს, რადგან მათ „სახელმწიფოებრივი აზროვნება არ შეუძლიათ”.

„რაც შეეხება „ქართული ოცნების” დეპუტატების ქცევას, მგონი ის, რომ ამ ხალხისთვის არ არსებობს არანაირი მორალური ან პოლიტიკური კრიტერიუმები და მხოლოდ ხელმძღვანელობენ იმ მითითებებით, რასაც იღებენ, ჩვენ ეს ვიხილეთ, მათ შორის მაგალითად, მაშინ, როდესაც ჩემს კოლეგა, ბადრი ჯაფარიძეს მანდატი შეუწყვიტეს. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ადამიანს მაშინ მიაჩნდა, რომ არასწორ რამეს აკეთებდა, მაგრამ მაინც მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას. ამიტომ, პირადად, არანაირი მოლოდინი არ მქონია, რომ პარლამენტში “ქართული ოცნების” წარმომადგენლები მოიქცევიან ისე, როგორც სინდისი კარნახობს და გადაუხვევენ იმ პოლიტიკურ ინსტრუქციებს, რაც აქვთ მიღებული”,-განაცხადა სამადაშვილმა.

მისი თქმით, პატიმრობაში მყოფი ადამიანის დაცინვა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია, „მორალური ფსკერია”.

„პატიმრობაში მყოფი ადამიანისთვის, რომლის ჯანმრთელობა და სიცოცხლე დღეს გამოწვევის წინაშეა, დაცინვა და ქილიკი, ჩემი აზრით, ეს არის მორალური ფსკერი, რომელიც რაც მთავარია, კონტრპროდუქტიულია. როდესაც მმართველ პარტიას წარმოადგენ და ვერ იაზრებ იმას, რომ პოლარიზება ქვეყანაში, რომელიც ისედაც მწვავე გამოწვევაა, კიდევ უფრო არ უნდა გააღრმაო მსგავსი რიტორიკით, ეს მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება” არ შეიძლება ამ ქვეყანას მართავდეს, რადგან ამ ხალხს სახელმწიფოებრივი აზროვნება არ შეუძლია”,-განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითიბისი ქუთაისში რეგიონულ ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს
შემდეგი სტატიაჩხაიძე – კარგი იქნება, თუ მოსახლეობა დახურულ სივრცეებში პირბადის ტარებას გააგრძელებს – პანდემიის დასრულებაზე საუბარი ნაადრევია