სალომე სამადაშვილი- ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერება პოლიტიკურ კრიზისს გაამწვავებს

ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერება ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს გაამწვავებს.

„ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე დადგება, რომ ან ამ გზას დაადგეს და მისი უმრავლესობა აიძულოს, ხელმეორედ მიიღონ უპრეცედენტო სამარცხვინო გადაწყვეტილება, როგორიც ერთხელ უკვე მიიღეს, ან ნიკა მელიას შესაძლებლობა მისცეს, რომ პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელოს. ხელისუფლებას ვურჩევდი, მეორე გადაწყვეტილება მიიღოს, მელიას საქმიანობაში ნუ ჩაერევა, რადგან ეს ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს გაამწვავებს”, – განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან ,სამადაშვილის განცხადებით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება და ნურავის ექნება ილუზია, რომ პარლამენტი მომავალ სასესიო კვირას მუშაობას გააგრძელებს.

„სრული კონსესუსია იმაზე, რომ ამ შემადგენლობის დამტკიცება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება. აქციას ვგეგმავთ ქუთაისში და ამ რეჟიმში გაგრძელდება პოლიტიკური აქტივობა. საპროტესტო ტალღა თბილისიდან სხვა ქალაქებში გაგრძელდება. ხელისუფლება დაინახავს, რომ ეს ტალღა არ არის ადვილად ჩასაქრობი, თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. პირველი შედეგი უკვე არის, რომ ნიკა მელია ხელისუფლებამ საზოგადოებრივი ზეწოლის შიშით ციხეში ვერ გამოკეტა”, – განუცხადა ჟურნალისტებს სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიფალავანდიშვილი-ფილმს არ შევხედავდით, მაგრამ პოპკორნს შევჭამდით
შემდეგი სტატია“წლის საუკეთესო მონა” – ირაკლი კობახიძეს “სირცხვილის კორიდორი” მოუწყეს