სალომე სამადაშვილი – ხელისუფლება ანაკლიის პორტის პროექტის საბოლოო დასამარებას გეგმავს, რუსეთის მოთხოვნით

ხელისუფლება ანაკლიის პორტის პროექტის საბოლოო დასამარებას გეგმავს, რუსეთის მოთხოვნით, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის კომენტირებისას. მისი თქმით, ორი მიზეზი არის, თუ რატომ ხდება პროკურატურა მორიგ ჯერზე პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი ქვეყანაში.

„ჩვენ ვნახეთ ქალბატონი ცქიტიშვილის განცხადება, რომ არანაირი პროგრესი არ არის ანაკლიის პორტთან მიმართებაში. ეს ნიშნავს, რომ ამ პროექტის საბოლოო დამარხვას გეგმავს ხელისუფლება უახლოეს მომავალში, რუსეთის მოთხოვნით. მეორე, ჩვენ ვნახეთ, რომ ბატონმა ხაზარაძემ განაცხადა, რომ აქვს პოლიტიკაში აქტიურად მონაწილეობის მიღების სურვილი და იმ წუთში, სადამსჯელო ოპერაცია დაიწყო მის წინააღმდეგ.

ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლა არის ხელისუფლების მიზანი და ამაზე მუშაობს. ხაზარაძეს სერიოზული რესურსები აქვს და მისი პოლიტიკურ პროცესებში შემოსვლა შეცვლის გარკვეულწილად პოლიტიკურ ლანდშაფტს. ამასაც ხელს უშლის ხელისუფლება. გარდა ამისა, ხაზარაძეს აქვს ძალიან სერიოზული რესურსი საერთაშორისო ასპარეზზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ ძალიან მკაფიო განცხადებები ვაშინგტონიდან, ივანიშვილს სურს, ამ მიმართულებითაც გაანეიტრალოს ხაზარაძე. ეს არის რეალურად პოლიტიკური განეიტრალების სადამსჯელო ოპერაცია, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს არც მართლმსაჯულებასთან და არც კონკრეტულად მიუკერძოებელი გამოძიების პროცესის ჩატარებასთან“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ვინც აპირებს, შევიდეს პოლიტიკურ წინააღმდეგობაში ბიძინა ივანიშვილთან, სწორედ პროკურატურის სადამსჯელო ოპერაციის სამიზნედ გახდომა ელოდება.

„ეს არის ის ქვეყანა, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. ეს ნიშნავს იმას, რომ მან სრულიად დაკარგა საზოგადოების მხარდაჭერა, ის არ აპირებს, რომ დათმოს ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნების გზით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით“.

banner
წინა სტატიაშიმაინც ავაშენებთ!!! – მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტზე
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე – ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტივისტია და როცა აცხადებს, რომ მედია მის ხელში იარაღი იყო, ეს საგანგაშოა