სალომე სამადაშვილი : კარგი იქნება, თუ ოპოზიციური სპექტრი 20 ივნისისთვის მოახერხებს თბილისის მაჟორიტარ კანდიდატებზე საბოლოო შეთანხმებას

იმედი გვაქვს, სხვა, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გაცილებით მცირე ოპოზიციური პარტიები ერთმანეთში ისეთ შეთანხმებას მიაღწევენ, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თბილისის დარჩენილ ექვს ოლქში ასახული იყოს მაქსიმალურად ეკლექტური პოლიტიკური შემადგენლობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკურმა პროცესმა უნდა მისცეს გზა კონსენსუსს, რომ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ მმართველობა დასრულდეს.

„ჩვენს საზოგადოებაში არის კონსენსუსი იმაზე, რომ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა უნდა დავასრულოთ. ახლა მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პროცესმა მისცეს გზა ამ კონსენსუსის ასახვას უკვე საარჩევნო პროცესში და საარჩევნო შედეგებზე. ამიტომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც იყო მნიშვნელოვანი და არ იყო ადვილი, შექმნას სივრცე დედაქალაქში იმისთვის, რომ ეს საზოგადოებრივი კონსენსუსი აისახოს მაჟორიტარულ არჩევნებზე შესაბამის შედეგებში. ამიტომ დავთმეთ ჩვენ თბილისში ოლქების უმრავლესობა და ვაცხადებთ, რომ ჩვენ კანდიდატს დავაყენებთ ორ ოლქში. იმედი გვაქვს, სხვა ოპოზიციური პარტიები, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გაცილებით მცირე ოპოზიციური პარტიები ერთმანეთში ისეთ შეთანხმებას მიაღწევენ, რომელიც უზრუნველყოფს, რომ დარჩენილ ექვს ოლქში ასახული იყოს მაქსიმალურად ეკლექტური პოლიტიკური შემადგენლობა, როგორც ამ ოლქების გადანაწილების თვალსაზრისით, ასევე იმ შემადგენლობით, ვინც აღნიშნულ
ოლქებში იყრის კენჭს. ეს არის შეთანხმების საკითხი სხვა ოპოზიციურ სუბიექტებს შორის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, კარგი იქნება, ოპოზიციამ 20 ივნისისთვის მოახერხოს საბოლოო შეთანხმება თბილისის მაჟორიტარ კანდიდატებზე.

„მოდის 20 ივნისის, ამ სისხლიანი ღამის წლისთავი და ვფიქრობ, კარგი იქნება, რომ 20 ივნისისთვის ოპოზიციურმა სპექტრმა მოახერხოს, შეთანხმდეს საბოლოოდ თბილისის მაჟორიტარ კანდიდატებზე“, – აცხადებს დეპუტატი.

კითხვაზე, რა ნიშნით შეარჩია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში ორი რაიონი, სადაც მაჟორიტარი კანდიდატი ეყოლება, სამადაშვილის თქმით, შიდა პარტიული მოსაზრებებითა და პარტიული საორგანიზაციო საკითხებიდან გამომდინარე ასე იყო მიჩნეული.

„ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ყველაზე მძლავრ ოპოზიციურ პარტიას, რესურსი და შესაძლებლობა აქვს, ნებისმიერ ოლქში იასპარეზოს, მაგრამ გარკვეული შიდა პარტიული მოსაზრებებითა და პარტიული საორგანიზაციო საკითხებიდან გამომდინარე ასე იქნა მიჩნეული, რომ ეს იქნებოდა უმჯობესი ჩვენი პარტიული ორგანიზაციებისთვის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, მათი პარტია თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვს ოლქს თმობს და წინასაარჩევნო კამპანიას თბილისის მხოლოდ ორ რაიონში – სამგორსა და გლდანში დაიწყებს.

banner
წინა სტატიაშირუსლან აბაშიძემ აფხაზეთის №5 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს საჩუქრები გადასცა
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდეს