„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრების გადაწყვეტილება მმართველი გუნდის პოლიტიკურ სასასრულზე მიუთითებს.
სამადაშვილის შეფასებით, კობახიძემ გადაწყვიტა, წელს გაეროს ტრიბუნით თავად ისარგებლოს და არა მიხეილ ყაველაშვილმა, რადგან ხვდება, რომ ეს მის კარიერაში ბოლო შესაძლებლობაა.
„ვფიქრობ, ირაკლი კობახიძემ იმიტომ გადაწყვიტა, ამ წელს გაეროს ტრიბუნით ისარგებლოს და ყაველაშვილის ნაცვლად, თვითონ წავიდეს, რომ სავარაუდოდ, მანაც იცის, ეს არის მისი უკანასკნელი შანსი ცხოვრებაში, რომ ამ ტრიბუნაზე გამოვიდეს.
ეს იქნება უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ამ ტრიბუნით ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული მათი წარმომადგენლის გარდა ვინმე ისარგებლებს,“ — აღნიშნა სამადაშვილმა.
„ლელოს“ ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესებს მხოლოდ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება დაიცავს:
„ჩვენ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესების დაცვას გაეროს ტრიბუნაზეც და ყველა სხვა საერთაშორისო ტრიბუნაზე, დავიწყებთ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები და ქართველ ხალხს ეყოლება მისი ნებით არჩეული ხელისუფლება, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ინტერესებს და არ წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის თოჯინების თეატრის მორიგ მარიონეტს, რომელიც შეიძლება გაისად, ამ დროს, ვიხილოთ ციხეში, დევნილობაში, ან უბრალოდ გამქრალი საჯარო სივრციდან,“ — განაცხადა სალომე სამადაშვილმა.















