სალომე სამადაშვილი : გიორგი ვაშაძის პარტიას ჰყავს დამფინანსებელი, ჩემთვის ცნობილია, რომ ეს არის ვანო ჩხარტიშვილი, როგორც ჩანს, მასაც საკუთარი ხედვები აქვს

admin
ავტ.: admin ივლისი 27, 2020 13:24

სალომე სამადაშვილი : გიორგი ვაშაძის პარტიას ჰყავს დამფინანსებელი, ჩემთვის ცნობილია, რომ ეს არის ვანო ჩხარტიშვილი, როგორც ჩანს, მასაც საკუთარი ხედვები აქვს

ვინც გადაწყვეტს, გამოეთიშოს ერთიანობას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად მნიშვნელოვანია, ეს მათთვისაა დანაკარგი და შესაბამისად, უნდა დაფიქრდნენ, საკუთარი გადაწყვეტილებით ეხმარებიან თუ არა იმ მიზნის განხორციელებას, რასაც ივანიშვილის დამარცხება ჰქვია, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი გიორგი ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანის ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნას.

სამადაშვილის თქმით, როგორც მისთვის არის ცნობილი, გიორგი ვაშაძის პარტიას ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი აფინანსებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რჩება მთავარ მოთამაშედ ერთიანობაში, რომელიც შეიქმნება ივანიშვილის წინააღმდეგ. ამ ერთიანობაში შემოვა ბევრი ახალი საინტერესო მოთამაშე, პოლიტიკური პარტიები და კონკრეტული ადამიანები. ვფიქრობ, მათი დანაკარგია, ვინც გადაწყვიტა, რომ ერთიან ფორმატში მონაწილეობა არ მიიღოს. რატომ გადაწყვიტა გასვლა, უკეთესია ჰკითხოთ თვითონ ვაშაძეს. ჩვენთვის დღეს მთავარი ამოცანა ივანიშვილის დამარცხებაა და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც თანამდებობების გადანაწილებას, არც სიაში ადგილებს. ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანი საკითხია. რაც შეეხება ბატონ ვაშაძეს, მის პარტიას ჰყავს დამფინანსებელი, როგორც ჩანს, მის დამფინანსებელსაც საკუთარი ხედვები აქვს, როგორ უნდა გააგრძელოს ბატონმა ვაშაძემ საქმიანობა. ჩემთვის როგორც ცნობილია, ვანო ჩხარტიშვილია მისი აქტიური დამფინანსებელი და ხელშემწყობი. ასე რომ, მათ აქვთ საკუთარი მოსაზრებები, რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება.

ჩვენი გაერთიანება შედგა მხოლოდ იდეის გარშემო, ამიტომ ყველანაირი დისკუსია იმ ხალხისგან, ვინც არის ასოცირებული ჩვენთან და სურთ ჩვენთან თანამშრომლობა, თანამდებობეზე, სიებში ადგილების გადანაწილებაზე დისკუსია მიმაჩნია, რომ არის უადგილო, არ ემსახურება ჩვენი ამოცანის განხორციელებას. შესაბამისად, ასეთ ადამიანებთან იდეური თანხვედრის მოძებნა ჩვენთვის რთული იქნება.

რაც შეეხება თაკო ჩარკვიანს, ძალიან ახალი მოთამაშეა პოლიტიკურ სივრცეში, ის დამწყები პოლიტიკოსია და შესაბამისად, საკუთარ გადაწყვეტილებებს ალბათ, თავად განმარტავს“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა ახალი პლატფორმა, სახელწოდებით „სტრატეგია აღმაშენებელი“ შექმნეს.

admin
ავტ.: admin ივლისი 27, 2020 13:24