სალომე სამადაშვილი – ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ჩვენ გზა გვეხსნება, რომ რეალურად დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი

„ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ჩვენ გზა გვეხსნება, რომ რეალურად დავიწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ძალიან ცინიკურია, რომ ქართველ ხალხს ამ გადაწყვეტილებას, დღეს, ამ დარბაზიდან ულოცავენ პარლამენტის წევრები უმრავლესობიდან, რომლებმაც საკუთარი საპარლამენტო მანდატი გამოიყენეს იმისთვის, რომ ეს დღე არ დამდგარიყო. სწორედ ქართველი ხალხის გმირული ბრძოლის შედეგია, რომ ვერ ჩაშალეთ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. ევროკომისიამ გადაწყვიტა, რომ ქართველი ხალხი იმედგაცრუებული არ უნდა დარჩენილიყო და გზა გახსნა ევროკავშირში გაწევრიანების, კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის მიერ დაწესებული ახალი პირობები ნათლად აჩვენებს, რომ ევროკავშირის მოთხოვნების უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა.

„თქვენი ანტიევროპული პროპაგანდა დასრულდა იმით, რომ დამატებითი პირობა დაწესდა ქვეყანაში ანტიევროპული პროპაგანდის შესაწყვეტად. თქვენი გადაწყვეტილება, რომ საერთოდ ჩამოშორდეთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას, დასრულდა ახალი პირობით – საქართველო უნდა დაუბრუნდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი, სამწუხაროდ, ძალიან დაგვიანებით მიმდინარეობს.

„ჩვენ დღეს უნდა ვხსნიდეთ მოლაპარაკებებს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, თუმცა ჩვენ, დაგვიანებით, მაგრამ მაინც ვიღებთ კანდიდატის სტატუსს. ამ ხელისუფლების შეცვლის გარეშე ვერანაირი მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებაზე ვერ გაიხსნება. ეს არის რეალობა და ეს გვითხრა მათ შორის, ევროკომისიამ, როდესაც ცალსახად თქვა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ მომავალს და ასევე იმსახურებს ხელისუფლებას, რომელიც გაატარებს იმ რეფორმებს, რასაც ევროკავშირი ითხოვს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილის განცხადება მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს შეეხებოდა
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – სენტიმენტებსა და აშშ დოლარის მაღალ განაკვეთებს შემოდინებები აბალანსებს