სალომე სამადაშვილი : ამ კომისიის შემადგენლობას უნდობლობა გამოუცხადა ზაზა სარალიძემ და უნდობლობას ვუცხადებთ ჩვენც

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილ საგამოძიებო კომისიას ზაზა სარალიძე უნდობლობას უცხადებს და შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს.

როგორც სამადაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პარტია იქამდე იბრძოლებს, ვიდრე ზაზა სარალიძე სიმართლეს არ იპოვის.

“სხვა სიტუაციაში, ამ ქვეყანაში ალბათ აღნიშნული კომისიის შექმნა შესაძლოა რაიმე აზრის მატარებელი ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ დღეს ვხედავთ ერთ რამეს -მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია იმისთვის, რომ მოხდეს დაზარალებული ზაზა სარალიძის დისკრედიტაცია. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ ორგანიზება გაუკეთა სამარცხვინო კონტრაქციებს იმისთვის, რომ ამ ადამიანის გაჭირვება აქციოს მასკარადად, ვხედავთ, რომ ტაშით გააცილეთ პროკურორი, რომელიც პირდაპირ არის პასუხისმგებელი სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად იმაზე, რაც მოხდა. აღნიშნულ ვითარებაში ამ კომისიის შექმნა არის მცდელობა, რომ გადაიფაროს საზოგადოებრივი კონსენსუსი, რომელიც მოითხოვს ამ სისტემის ჩამოშლას და პირველ რიგში ქალბატონი წულუკიანის გადაყენებას პოსტიდან. სწორედ ის არის შემოქმედი იმ სისტემისა, რომელიც აღარ ენდობა საქართველოს არც ერთი მოქალაქე. ამ სისტემის ჩამოსაშლელად კომისიის შექმნა საკმარისი არ არის. კომისია მხოლოდ გააჭიანურებს დროს და შექმნის შესაძლებლობას, რომ ჩაიფარცხოს ეს საქმე ისევე, როგორც ჩაიფარცხა ყველა სხვა გამოუძიებელი საქმე თქვენი ხელისუფლების დროს. სწორედ ამიტომ, ჩვენ და რაც მთავარია, ზაზა სარალიძე უნდობლობას ვუცხადებთ ამ კომისიას. ჩვენ გვინდა განვაცხადოთ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა სხვა პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე ამ ქვეყანაში, გააგრძელებს ბრძოლას მანამდე, სანამ ზაზა სარალიძე არ იპოვის სამართალს საკუთარი მოკლული შვილისთვის. დღეს ამ კომისიის შემადგენლობას უნდობლობა გამოუცხადა ზაზა სარალიძემ და ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, თუ რატომ არ დავუჭერთ მხარს კომისიის შექმნას“, – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი: „ტატუნაშვილის საქმეს დაემატა წამების კვალიფიკაცია“
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : საგამოძიებო კომისიის მიზანი არის დროის გაწელვა და პროცესების სამთვიან ბიუროკრატულ პროცესში მოქცევა