სალომე ასათიანი: „ყველაფერი ეს ღრმად ამორალურია!“

„დღევანდელი მთავრობის მთავარი ამორალური განზომილება 9 წლით გაუთავებელი სპეკულირებაა, მხოლოდ პოლიტიკური ქულების მოპოვების და საკუთარი „ანტი-მიშა“ იდენტობის გამყარების მიზნით. რეალურად კი, მანკიერებით მშვენივრად სარგებლობა ძალაუფლების გასამტკიცებლად,“ – წერს ჟურნალისტი სალომე ასათიანი სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, „ოცნების“ ხელისუფლებაში მიოსვლიდან პირველი ოთხი წლის განმავლობაში, პროკურორი ტელევიზიით თავზარდამცემ ამბებს ლამის ყოველ საღამოს გვიყვებოდა:
„ყელამდე მიწაში ჩაფლული ადამიანის თავზე ბუნებრივ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებდნენ”; „პატიმარი ყვებოდა, როგორ აბანავეს მორგში გარდაცვლილი ადამიანის სისხლში“… წამების კადრების ღია ჩვენებებს აწყობდნენ, მაგრამ რა გავიგეთ ან წამების „სისტემურობის“, ან მთავარი დამნაშავეების შესახებ? – არაფერი. გაუთავებლად გვესმოდა „26 ათასი ფაილის“ შესახებ, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს უკანონო თვალთვალის შედეგად დარჩა, მაგრამ დღემდე არ ვიცით ამ საქმეზე საერთოდ გამოძიება თუ ჩატარდა, შედეგებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. სამაგიეროდ, ვიცით ამბები მოსმენების კანონის გარშემო – უკვე მეორე ჯერზე, ახლა უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს უგულებელყოფით, ჯიუტად ამტკიცებენ მოდელს, რომელშიც სუს-ი კვლავ უზარმაზარი ძალაუფლებით რჩება აღჭურვილი. არათავისუფალი სასამართლო იყო და “მურუსიძე”, როგორც კოლექტიური სახე, კი ვიცით, დღეს სად არის და რა ფუნქციები აქვს. საკუთრების უფლების ჭრილში კი, მაშინ როცა ათასობით საჩივარი არსებობს კერძო საკუთრების წართმევაზე, სახელმწიფოსთვის სიმბოლურ ფასად ნაჩუქარი ასობით მილიონი ლარის ოდენობის ქონებაზე და უამრავი ადამიანი უშედეგოდ ელოდება “სამართლიანობის აღდგენას”, პირველ რიგში, წყდება ოპოზიციური ტელეკომპანიის ამბავი, თან უბრუნდება არა პირველ მფლობელს, რომლის საჩივარი თაროზეა შემოდებული კოხტად; არამედ, ყოფილ წამრთმევს, რომლის პირობებშიც ტელევიზია ერთხელ უკვე გადაიქცა სამთავრობო პროპაგანდის ვულგარულ იარაღად. ჰოდა, ძალიან დამღლელია უკვე ყველაფერი ეს. დამღლელიც და დიახ, ცალსახად და ღრმად ამორალური,“ – წერს სალომე ასათიანი.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: მათე მოტორსის“ მფლობელი გელა ბარკალაია დააკავეს
შემდეგი სტატიაკონსტანტინე გამსახურდია: „ხელისუფლება, ეს „მორიგე მოსამართლე“ სადაური ტერმინია?!“