მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, ლესხულუხეს დასახლებაში ჰესის მშენებლობა იგეგმება. პროექტს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ბუნების განადგურებას არ დაუშვებს.
ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები 5 ივლისს, 17:00 საათზე სალხინოში შეკრებას და საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.
ადგილობრივი მცხოვრებლის განცხადებით, მოსახლეობას პროექტის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ მიეწოდება.
„აქციის მიზანია ყველამ გაიგოს, რა ხდება და როგორ მიმდინარეობს პროცესები. ხალხის აზრი არავის აინტერესებს. ვინც კი მოვიდა ჩვენთან, სხვადასხვა ინფორმაცია მოგვაწოდა და, ჩვენი აზრით, რეალური გეგმები განსხვავებულია იმისგან, რაც გვითხრეს. ეს სოფლისთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნის და მოსახლეობა ჩუმად ვერ დარჩება“, – აცხადებენ “თაიმერთან” ადგილობრივები.















