“საკუთარი სამშობლოს ღალატი”…”პუტინის მიერ უშუალოდ წარმოებული პოლიტიკა” – ოპოზიცია ახალ ჩანაწერებზე

„ომეგა ჯგუფის“ სკანდალური საქმის ახალ ფარულ ჩანაწერებს, საიდანაც ირკვევა, როგორ გეგმავდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას, ოპოზიცია ეხმაურება. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ადგილი აქვს სამშობლოს ღალატს და ჩანაწერის ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოებმა ადეკვატური ზომები უნდა მიიღონ.

“უფრო ამაზრზენი ის არის, რომ ამ საქმეში მან დახმარება სთხოვა რუსეთს, რომლის ტანკებიც აქვე, თბილისთან დგას. ყველა ქვეყანაში და ყველა ენაზე ამას ჰქვია ერთადერთი სიტყვა და არის ერთი შეფასება – საკუთარი სამშობლოს ღალატი. ძალიან სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილის მრჩევლებს შორის ჩხარტიშვილი პირველ რიგშია, ივანიშვილი მასთან თათბირობს საქვეყნო საქმეებზე და მასთან ერთად ალაგებს კორუფციულ სქემებს. ჩვენ რას უნდა ველოდებოდეთ, რომ ლევან ყიფიანის შემდეგ ბატონი ვანო ჩხარტიშვილი გამოვა და გვეტყვის, რომ მას ოქუაშვილი ამეცადინებდა და დუბლებს წერდა სამშობლოს ღალატში? ამასაც მოვისმენთ? დაველოდები ნამდვილად, რა ახალ სპექტაკლს მოიფიქრებს პროკურატურა,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა.

“ცალსახად ჩანს, რომ გარკვეული ფინანსური წყაროების მქონე ადამიანები დაკავშირებულები არიან რუსეთის ადმინისტრაციასთან და რუსეთის ადმინისტრაცია მანიპულირებს გარკვეული ქმედებებით მათი მხრიდან. დღეს ეს ადამიანები ქმნიან პოლიტიკურ ამინდს ქვეყანაში, რაც ყოვლად მიუღებელია, ამიტომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, თუ რა დგას ამის უკან და ვინ დგას ამის უკან. ეს არის სპეცსამსახურები, სხვა მიმართულებები თუ ეს არის პუტინის მიერ უშუალოდ წარმოებული პოლიტიკა,“- განაცხადა ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ

banner
წინა სტატიაში„ვის გიკვირთ, რომ ვიგინდარა და ქურდი ჩხარტიშვილი ელაპარაკება ნარიშკინს, რომ მოეხმაროს სააკაშვილის ჩამოგდებაში” – გრიგოლ ვაშაძე
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა