საკრებულოში საბავშვო ბაღებში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ

საბავშვო ბაღებში შექმნილი ვითარება და გათავისუფლებული დირექტორების საკითხი იქნება მსჯელობის თემა დღეს საკრებულოში. ნაციონალური მოძრაობა სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივას კიდევ ერთხელ დააყენებს, რადგან დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ პროცესი დასრულებული ამ დრომდე არ არის.

“აქ საქმე ეხება ბავშვებს, მშობლებს. ვინც ამ სერვისის მომსახურეობით კმაყოფილი უნდა იყოს, ის ადამიანები არიან უკმაყოფილო და მხოლოდ ერთი თორდინავა არის კმაყოფილი. ფაქტია, რომ პროცესები არ ჩერდება, ჩვენ არ ვაპირებთ ამ საკითზე მარტო დავტოვოთ მშობლები და ბავშვები“ – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა მარინა დათუკიშვილმა.

საკრებულოს ფრაქცია რესპუბლიკელების წევრის დავით ზურაბიშვილის თქმით, ის, რომ ბაღების სააგენტო არაეფექტურად მუშაობს, ეს სახეზეა.

“გვქონდა შენიშვნები. გვაქვს შენიშვნები და ვფიქრობ, ეს საკითხი არის ძალიან სერიოზულად გასარკვევი იმიტომ, რომ რაც ჩვენ ვნახეთ იქ, აშკარად უფრო იყო სისტემური ხარვეზი. ის, რომ ბაღების სააგენტო არაეფექტურად მუშაობს, ეს არის სახეზე და ყველა ვხედავთ“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

საკრებულოს ფრაქცია გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრის თამარ ცინცაძის თქმით, აუცილებლად უნდა დადგეს საკითხი იმასთან დაკავშირებით, რამდენად ეფექტურად მუშაობდა თვითონ ბაგა ბაღების მართვის სააგენტო.

“მსუბუქად თუ შევაფასებთ, ეს იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიღებული და მიგვაჩნია, რომ მაშინ, როდესაც ერთიდაიგივე ტიპის შეცდომისათვის განთავისუფლებული იქნა არა ერთი და ორი ბაგა ბაღის დირექტორი, შეცდომისთვის, რომელიც თვიდან თვემდე მეორდებოდა, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა დადგეს საკითხი იმასთან დაკავშირებით, რამდენად ეფექტურად მუშაობდა თვითონ ბაგა ბაღების მართვის სააგენტო“, – განაცხადა ცინცაბაძემ.

banner
წინა სტატიაშითავდასხმა საქართველოს ბანკზე – ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა
შემდეგი სტატია“ისლამური სახელმწიფოს” მორიგი მუქარა – ტერორისტები ტერაქტების მოწყობას ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას გეგმავენ