საკრებულოს სხდომას, მხოლოდ საკრებულოს დეპუტატები დაესწრებიან – ალიბეგაშვილი

თბილისის საკრებულოს სხდომას, მხოლოდ საკრებულოს დეპუტატები დაესწრებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს თავმჯდომარემ განუცხადა. გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, მმართველი გუნდი არავის მისცემს უფლებას, რომ დღეს დაგეგმილი სხდომა ჩაშალოს.

ამ წუთებში კი თბილისის საკრებულოს როგორც გარეთ, ასევე შიდა ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველებს სპეციალური ჯებირებით აქვთ ტერიტორია გადაკეტილი. დედაქალაქის საკრებულოში მოსახვედრად ღიაა მხოლოდ თავისუფლების მოედნის მხრიდან, ცენტრალური შესასვლელი. ყველა დანარჩენი სათადარიგო შესასვლელი ჩაკეტილია და პატრულს აქვს გამაგრებული.

სამართალდამცველებმა “ევროპული საქართველოს” წევრი, დეპუტატი სერგო რატიანი საკრებულოს შენობაში არ შეუშვეს.

დღეს 16:00 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე საკრებულოს დეპუტატებმა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის, თბილისის ცენტრში კიდევ ორი მიწის ნაკვეთის გადაცემაზე უნდა იმსჯელონ. საუბარია პუშკინის სკვერსა და თაბორის მთაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე.

დედაქალაქის მთავრობამ გადაწყვეტილება გასულ კვირას მიიღო და დამტკიცების მოთხოვნით თბილისის საკრებულოს მიმართა.

14:00 საათზე კი საკრებულოსთან შეკრებას და აქციის გამართვას გეგმავს “ნაციონალური მოძრაობა”.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების სრული ვერსია
შემდეგი სტატიასერგო რატიანი საკრებულოს შენობაში არ შეუშვეს