საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში მცხოვრებ კიდევ 41 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქში მცხოვრებ 41 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს დაუკანონებენ. როგორც საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ხელაძემ განაცხადა, ამ ოჯახებს, რომლებიც წლებია კონკრეტულ მისამართებზე ცხოვრობენ, საკუთრების დამადასტურებელი საბუთები არ ჰქონდათ.
„დღეს ჩვენ 41 მოქალაქეს პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ფართებს. ეს ადამიანები წლებია ცხოვრობენ ამ მისამართებზე და სამწუხაროდ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები არ ჰქონდათ. 2017 წლიდან დღემდე ამ პროგრამის ფარგლებში, რომელიც უშუალოდ კახა კალაძის ინიციატივით ხორციელდება, უკვე საცხოვრებლით 2300 ოჯახი დაკმაყოფილდა. მინდა მივულოცო მათ ამ პროცესის წარმატებით დასრულება. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ყველა მიმდინარე საკითხზე, რომელიც ჩვენს ქალაქს აწუხებს,“- განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ბიუჯეტით გათვალისწინებული მერიის სარეზერვო ფონდის ორი მილიონი ლარით გაზრდაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, მსოფლიოში მთავარ თემად უკრაინა და უკრაინაში განვითარებული მოვლენები რჩება და სარეზერვო ფონდის გაზრდილი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ საქართველოში მყოფი უკრაინელების დასახმარებლად არის გათვალისწინებული.
„სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები განაპირობებენ ჩვენს პოზიციას ამ მიმართულებით. ამ დრომდე თბილისის მერიამ საკრებულოს ჩართულობით, 1300-ზე მეტი უკრაინელი განათავსა სასტუმროში. საქართველო უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების თვალსაზრისით, მოწინავე პოზიციებზეა. ეს იმ გააზრებული პოლიტიკის შედეგია, რასაც ხელისუფლება ქართველ ხალხთან ერთად ახორციელებს,“-დასძინა ირაკლი ხელაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩინურმა ავტომწარმოებელმა Lifan-მა რუსეთში მანქანების გაყიდვა შეწყვიტა
შემდეგი სტატიაუკრაინამ ფსკერზე უკვე გაგზავნა კრეისერი „მოსკოვი“. დროა ევროპამ რეალური მოსკოვი გაგზავნოს ფინანსურ ფსკერზე – პოდოლიაკი