საკრებულომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დაამტკიცა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო პროექტი დაამტკიცა.

საკრებულოს დეპუტატებს გენგეგმის საბოლოო პროექტი თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ წარუდგინა.

როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, გენგეგმა, არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი თავისი შინაარსით, მასშტაბით და კონცეფტუალური ხედვით.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სწორად აღვიქვათ ამ გენგეგმის ის სამი ძირითადი კონცეპტუალური მიმართულება, რომელსაც მწვანე, შეკავშირებული და კომპაქტური ქალაქი ჰქვია.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა აგებულია ოთხ ძირითად პრინციპზე – მწვანე, შეკავშირებული, კომპაქტური და მედეგი ქალაქი. გენგეგმის პროექტში ურბანული განაშენიანების და განვითარებისთვის ახლებური მიდგომებია ასახული. ასევე განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ისტორიულ-კულტურული ნაწილის განვითარებას და ლანდშაფტურ მნიშვნელობაზე.

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც დოკუმენტში აისახა, ეხება სატყეო ზონისა და სამი ტიპის რეკრეაციული ზონის შემოღებას.

ამასთანავე, ახალი გენგეგმის მიხედვით, იკრძალება K2 კოეფიციენტის გადაჭარბების გაზრდა. დაიხვეწა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდა ზონირების საკითხები, დაიხვეწა რუკა, დატანილი იქნა გაცემული სამშენებლო ნებართვები და გრგ-ები, შეიქმნა თემატური რუკები, რომელშიც აისახა შიდა საუბნო გამწვანებები, ხაზობრივი ნაგებობები, დაზუსტდა ქონებრივი საკითხების გადაწყვეტის გზები მესაკუთრეთა უფლებების მაქსიმალური გათვალისწინებით. უზრუნველყოფილი იქნა შეზღუდვის ქმედითი ინსტრუმენტების დანერგვა ქაოსური განაშენიანებისა და გეოლოგიური თვალსაზრისით საფრთხის შემცველი არეალების სამშენებლოდ განვითარებისთვის.

გენერალურ გეგმაში გათვალისწინებულია ოთხი ახალი საქალაქო პარკის პროექტირება-მოწყობა და 11 განაშენიანების ჩარჩო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს აღნიშნული ტერიტორიების შემდგომი განაშენიანების პერსპექტივას.

დოკუმენტის თანახმად, ისტორიულ-კულტურულ ლანდშაფტის ზონაში, ახალი მშენებლობების ნებართვები არ გაიცემა, თუმცა ყველა ძველი მშენებლობა დასრულდება.

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტზე „სითი ინსტიტუტი“ 2015 წლიდან მუშაობდა, თუმცა მერიამ პროექტი რამდენჯერმე დაიწუნა, რის გამოც მისი მიღება ამ დრომდე ჭიანურდებოდა. დოკუმენტის შესაქმნელად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 800 000 ლარი იქნა გამოყოფილი.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის საელჩო რუსეთისგან ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებაზე დამაჯერებელ განმარტებას ითხოვს
შემდეგი სტატიაკახი კახიაშვილი: ბათუმი 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლად განიხილება