საკონსულოს ცხელ ხაზზე მანჩესტერის ტერაქტში ქართველების დაშავებაზე შეტყობინება არ შესულა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში საქართველოს საკონსულოს ცხელ ხაზზე, მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაშავებული ქართველების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.

როგორც უწყებაში ამბობენ, საელჩოს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში მითითებულია ცხელი ხაზის ნომრები, სადაც შეუძლიათ დარეკონ საქართველოს მოქალაქეებს, თუკი რაიმე დასჭირდებათ.

ქ. მანჩესტერში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +44 7872 064830.

ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.

ამ ეტაპზე ბრიტანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.

მაჩნესტერში ტერორისტული აქტი წუხელ ღამით მოხდა. აფეთქების დროს მანჩესტერ არენაზე არიანა გრანდეს კონცერტი მიმდინარეობდა. კონცერტზე მყოფი მაყურებლის დიდ ნაწილს ბავშვები და ახალგაზრდები შეადგენდნენ. ბრიტანეთის პოლიციამ აფეთქებას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა. აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები. დაშავებულია 59 ადამიანი. გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. გამოძიებაში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება.

banner
წინა სტატიაშიფანცულაია: თემის გადაფარვის მიზნით, საპატრიარქო პროკურატურისგან დავალებას პერიოდულად იღებს
შემდეგი სტატიამდინარაძე: პრეზიდენტის თავთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიას შენიშვნები არ აქვს